რასიზმი

ლომჯარია: თუ თანასწორობაა, იმედია, ქალებსაც მიაღებინებენ ამ თამაშში მონაწილეობას

სახალხო დამცველი

"თუ თანასწორობაა, იმედია, ქალებსაც მიაღებინებენ ამ თამაშში მონაწილეობას" - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამხანაგურ მატჩს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ბელიაშვილის ქუჩაზე, იმ მოედანზე დანიშნა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ შავკანიან სტუდენტებს სცემა. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ "ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური შეხვედრა 14 აპრილს ჩატარდება". მატჩი შავკანიან სტუდენტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, 18:00-ზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება.

8 აპრილის საღამოს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ კანის ფერის გამო, მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოძალადეები დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. სტუდენტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დღეს კი, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს სთხოვა, იმავე სტადიონზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ამხანაგური მატჩი გამართოს.

კომენტარები