გენდერული კვოტირება

სალომე ხვადაგიანი: კვოტებით სისტემა არ ჯანსაღდება, უგრეხელიძე ხდება

facebook.com/salome.khvadagiani

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა, სალომე ხვადაგიანმა პაპუნა უგრეხელიძის მიერ ბოლო სამუშაო დღეს გადაღებულ ფოტოსა და გენდერული კვოტირების შესახებ ფეისბუქზე პოსტი დაწერა.

"საჯარო თანამდებობაზე, თან საკმაოდ მაღალზე, შესკუპებულ ტიპს სამსახურის დატოვება უწევს სექსუალურ ძალადობაში მხილების გამო.

დღეს ფოტოს აქვეყნებს. დღეს. უამრავი თანამშრომელი ქალით არის გარემოცული. ყველა იცინის

ეგ სურათია ჩემთვის კვოტები.

ქალები იქაც, და კვოტების მომხრეებისთვის პარლამენტშიც, აუცილებელი დეკორაციაა - კარგად გაღებილი ფასადი აკრული ჩანთხლეულ ხრუშჩოვკას.

უხმო, გაღიმებული, დავარცხნილი, კვოტებ-დაჭირებული ქალები მხოლოდ მოძალადე სისტემისთვის არის საჭირო, აქაოდა ქალები გვყავსო, აგერო შეხედეთო, იცინიან ჩემთან ერთადო, არაფერი შავდებაო, რა მეტყობა მოძალადისო.

უნდა შეეტყოს.

პარლამენტში თითებზე ჩამოსათვლელი ქალი პირდაპირი დიაგნოზია, რომ სისტემას უჭირს! კვოტებით კი სისტემა არ ჯანსაღდება. უგრეხელიძე ხდება. უგრეხელიძე, რომელიც ფოტოს იღებს გაცინებულ ქალებთან.

სულ ეს არის.

მერე მომიბრუნდებით და ბნელს დამიძახებთ, რატომ არ გიხარია ხრუშჩოვკაზე ფასადის აკვრა რომ გვინდაო. ეგ ფასადი არ სჯობს სულ უფასადობასო?

არ სჯობს.

რადგან ნებისმიერი ბოროტება, როცა ასე ხელშესახებად ჩანს, უფრო ადვილი საბრძოლველია." -წერს სალომე ხვადაგიანი.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე, მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა". საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილის გასაჯაროება ისურვა.

კომენტარები