ბიძინა ივანიშვილი

მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტი დმანისის გადარჩენის კომიტეტმა 20 ათას ლარად იყიდა

დმანისის გადარჩენის კომიტეტმა მწვანე კონცხზე მდებარე ასწლოვანი ევკალიპტის ხე 20,020 ლარად, საწყის ფასთან ანუ 7,000 ლართან შედარებით 2.8-ჯერ უფრო ძვირად იყიდა. კომიტეტმა აუქციონზე ივანიშვილის კომპანიას მოუგო. დღის განმავლობაში 93 ბიჯი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ფასი 20,020 ლარამდე გაიზარდა. ხე ურეკში, ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მდებარე პარკში უნდა გადაეტანათ.

დმანისის გადარჩენის ფონდის შეფასებით, ხე იქ უნდა დარჩეს, სადაც გაიზარდა. 

"დღესვე დავდებ 7,000 ლარს ამ ხის გადასარჩენად, რომ ხე დარჩეს იმ ადგილზე, სადაც არის", - ამბობს დმანისის გადარჩენის ფონდის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვაშაძე.

გასასხვისებელი ხის აღწერილობა ასეთია:

"მცენარის სიმაღლე საორიენტაციოდ - 26-27 მეტრი, შტამბის გარშემოწერილობა ფესვის ყელიდან - 10 სმ. სიმაღლეზე  - 10,1 მეტრი, შტამბის სიმაღლე - 3,4 მეტრი. აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები."

მოგებული საყდრისი და გადასახდელი 5 მილიონი

ამ აუქციონამდე გიორგი ვაშაძემ 5 მილიონად მოიგო აუქციონი, რომელზეც საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემოდა. ამ აუქციონში მონაწილეობას თავდაპირველად საყდრისის გადარჩენის ფონდი გეგმავდა, თუმცა ფონდი აუქციონის სისტემაში ვერ დარეგისტრიდა, ამიტომაც მასში მონაწილეობა მხოლოდ ვაშაძემ მიიღო.

დმანისის გადარჩენის ფონდი 14 ორგანიზაციას აერთიანებს. 

კომენტარები