შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება სასჯელები დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის.
შსს-ს განცხადებით, "ცვლილების აუცილებლობა განაპირობა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე, ქმედების ხასიათთან სასჯელების შეუსაბამობამ".
დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკლებად მძიმე, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქციაა გათვალისწინებული, რაც შსს-ს შეფასებით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტიანს ხდის.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ისჯება: დაფარვა - 1-დან 3 წლამდე, შეუტყობინებლობა - 2-დან 4 წლამდე.
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ერთმანეთისგან იმიჯნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება.
"შედარებით მკაცრად დაისჯება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა. ცვლილების შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება, რომლის ჩამდენი პირების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი" - აცხადებს სამინისტრო.
სანქციები ასევე იზრდება ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის.
"ცრუ ჩვენების კუთხით, პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაზე (ანგარება ან სხვა პირადი მოტივი) სანქციის ზედა ზღვარი იზრდება 2 წლით, რითაც აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცა. მისი ჩამდენის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი. ასევე, 2 წლით იზრდება სანქციის ზედა ზღვარი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რითაც დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცევა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.