ბლოგი

არაფრის ტრაკი არ გვაქვს - ესაა რეალობა

არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაზე აქამდე არაფერი მითქვამს, ბევრი მიზეზის გამო, და ახლა, როცა როგორც იქნა ცხედარი დაუბრუნეს ოჯახს, მინდა რაღაცები ვთქვა.

დავით კვირკველია / Facebook/ გირჩი Girchi

ადამიანი გაიტაცეს, მოკლეს, ერთი თვე დაგვცინოდნენ, დაგვამცირეს, ფეხები გაიწმინდეს ჩვენზე. მთელი ქვეყანა ვართ უსუსურ, თავზე დასხმულ მდგომარეობაში და ვერც ვერაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ დიდი არც არაფრის ტრაკი გვაქვს. დიდი კი არა, საერთოდ არაფრის ტრაკი არ გვაქვს. ესაა რეალობა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და პარლამენტის რეზოლუცია სწორი ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის.

პრემიერი წერილით მიმართავს რუსეთის ხლისუფლებას, რომელსაც ოკუპანტი ქვეყნის ერთერთი სამინისტროს, ერთერთი დეპარტამანეტის, ერთერთი განყოფილების ერთერთი უცნობი თანამშრომელი პასუხობს დამცინავი ტექსტით. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას აგინებენ, ნაწილი უსუსურს ეძახის, ნაწილი პირდაპირ გამყიდველს, ინაშვილები და მარშანიები კმაყოფილი არიან.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს, მეოთხედ საუკუნეზე მეტია რუსეთი თავზე გვა*ვამს როცა მოუნდება, რამდენიც მოუნდება და რა ფერისაც მოუნდება. მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ვწუწუნებთ, საკუთარ უსუსურობას ვყლაპავთ და, ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე, თითქოს ხვალ, ზეგ, მაზეგისმაზეგ რაღაც თავისით შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება, არაფერი, მანამ სანამ საკუთარი თავის დაცვის ტრაკი არ გვექნება. მანამდე მოგვტაცებენ ადამიანებს, მანამდე მოგვიკლავენ ადამიანებს, მანამდე გადმოწევენ საოკუპაციო ხაზს სადამდეც საჭიროდ ჩათვლიან, მანამდე ჩაგვიკეტავენ ბაზარს, მანამდე დაგვცინებენ საჯაროდ, მანამდე მოგვიწევს ამ ყველაფრის ატანა და პარალელურ სამყაროში შვილებისთვის იმის სწავლება რომ ღირსებას უნდა გაუფრთხილდნენ.

რატომ ვერ ვიცავთ თავს?

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი არის დაახლოებით 300 მილიონი დოლარი. რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი არის - 70 მილიარდი. 0.4% გამოდის. ამ ორ რიცხვში კარგად სჩანს რასაც წარმოვადგენთ.

რატომ გვაქვს ასეთი თანაფარდობა?

  • ღარიბები ვართ და ჩვენივე იდიოტური ნაბიჯების გამო, ფაშისტური და კომუნისტური იდეებით სავსე ტვინების გამო, ვერ მოვახერხეთ, რომ უფრო მეტად გავმდიდრებულიყავით.
  • რაც გვაქვს, იმას ან ვიპარავთ, ან ვხარჯავთ ქართული ჯიშის ღორების გამრავლებაში, ყურძნის სუბსიდირებაში, ნერგების დარგვაში, ასანთის ქარხნებში და ათას სირობაში.

ხვალვე შეიძლება თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებაც, გასამმაგებაც და გაოთხმაგებაც, თუ ფულს იდიოტობებში არ დავხარჯავთ.

რატომ არ ვაკეთებთ?

მერე რითი გავაჩუმებთ კახელ მევენახეებს? მერე რა ჭამონ ინფრასტრუქტურის მილიარდებზე მიმჯდარმა წურბელებმა? მერე რა ჭამოს კულტურის სამინისტრომ და პირადად მინისტრმა? სპორტის? განათლების? ეკონომიკის? მერე როგორ მოიგებს არჩევნებს ოცნება ან ვინც გინდა ის იყოს ხელისუფლებაში?

მხოლოდ ფეხბურთის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და საპატრიარქოს დაფინანსება რომ შევწყვიტოთ, 1 მილიარდამდე დავზოგავთ მომავალ 5 წელში.

გვაქვს ამის ტრაკი?

მილიარდების დაზოგვა შეიძლება დღესვე და ამ ფულის დიდი ნაწილის თავდაცვაზე გადასროლა.

ფული არ გვაქვს?

არა, ფული ძალიან გვიჭირს, მაგრამ უკვე დღეს რაც გვაქვს საკმარისია, რომ თუნდაც 3-5 წელიწადში ჩვენზე შეფურთხება ისეთი ძვირი ჯდებოდეს, რომ არავის მოუვიდეს თავში.

სინამდვილეში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს არის გაცნობიერებული არჩევანი. ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების დაკვეთა - ფეხებზე გვკიდია თავდაცვა და უსაფრთხოება. უსაქმურობა და ჭამა გვინდა, თან სხვების ხარჯზე და ამ დაკვეთას ასრულებს ხელისუფლება. ხელისუფლება უყურებს მოსახლეობის ამ განწყობას და მოქმედებს ამ განწყობის შესაბამისად. თუ ადამიანები არ არიან მზად ომისთვის, ვერცერთი ხელისუფლება ვერაფერს გახდება და ჩვენ დღეს ომისთვის მზად არ ვართ. დღეს ჩვენ მწვანილის რუსეთში გაყიდვა უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ვიდრე ღირსების დაცვა. ესაა სიმართლე. მწარე, მაგრამ სიმართლე.

რას აკეთებს ხელისუფლება რომ ეს რეალობა შეცვალოს?

არაფერს.

ამ რეალობის შეცვლას სჭირდება სწრაფი განვითარება, სწრაფი გამდიდრება, მეტი ფული, რომ დავაფინანსოთ საკუთარი უსაფრთხოება. ამ დროს ჩვენ მყარად დავადექით კომუნიზმის მშენებლობის გზას ფაშისტური ელემენტებით, რომელსაც სოციალ-დემოკრატიას ვეძახით იმიტომ, რომ დღეს ასე ეძახიან განვითარებულ ევროპაში და კომუნიზმით გამდიდრებული სახელმწიფო ან ერი კაცობრიობას არ ახსოვს.

ოცნება ერთი ხელით ახალგაზრდა სოციალისტურ კავშირში წევრიანდება, ფაქტობრივად კომუნისტებს აბარებს ე.წ საზოგადოებრივ მაუწყებელს, კომუნისტები შეჰყავს პარლამენტსა და საკრებულოებში და მეორე ხელით ადგილობრივ კომუნისტებს ეუბნება, ჩვენ ილიას გზას ვადგავართო. საფლავში ტრიალებს, ალბათ, ილია, თუ დარჩა მთაწმინდაზე გადასატრიალებელი ადგილი და კომუნიზმით არა მხოლოდ გავღარიბდებით ან დიდხანს დავრჩებით ღარიბი, არამედ ომსაც ვერასოდეს მოვიგებთ, მათ შორის ვერც ომს ადამიანების ტვინებში.

თუ ადამიანებს იმას უნერგავს სახელმწიფო, რომ ისინი სახელმწიფოს დახმარებაზე უნდა იყვნენ ჩამოკიდებული, ისინი არაფერზე არიან პასუხისმგებელი და ყველაფერზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი - მაშინ ეგეთ ადამიანს ფეხზე კიდია, ვინ იქნება ის, ვინც დაეხმარება, ქართული სახელმწიფო თუ რუსული სახელმწიფო, მთავარია, დახმარება მიიღოს და რაც შეიძლება დიდი. ამიტომაცაა, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ღიად შენატრის რუსულ პენსიას.

მოსახლეობის რაღაც ნაწილს აქვს პატრიოტული სულისკვეთება, ჩემი აზრით, სრულიად ირაციონალური, მაგრამ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ თავი აქვთ გამოჭედილი საბჭოთა ისტორიოგრაფების მიერ შექმნილი ათასგვარი მითებით ჰეროიკულ წარსულზე, სადღეგრძელოებში მოსმენილი ლეგენდებით და სხვა და გვყავს მეორე ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყანას საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამენ. მეტიც, გულის სიღრმეში ეს ქვეყანა მათი მტერია. ეს ქვეყანა მათ არათუ შესაძლებლობებს არ უქმნის, რომ იცხოვრონ, არამედ ხელს უშლის. სავალდებულო, უნიფიცირებული განათლების სისტემით პრაქტიკულად ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ტოვებს რეალურ, დღევანდელ ცხოვრებაში. მოუნდება და, მიათრევს "ვიშკაზე" საყარაულოდ ერთი წელი. მოუნდება და, ციხეში აგდებს ექსტაზისთვის ან ემდიემეისთვის. არ ახარებს, თუ რამე საქმის გაკეთება მოუნდა, რადგან "დიდი საქმეები", სადაც ფულია, "დიდი ბიძიების" ხელშია, იმ ბიძიების, ვინც ხელისუფლებებთანაა ჩახუტებული, ყოველთვის, ყველა დროში. რა უნდა უყვარდეს? ან რატომ უნდა უყვარდეს? რისი დაცვის სურვილი უნდა ჰქონდეს?

არ არის ეს მათი ქვეყანა. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა ქართველების ქვეყანაა, მათი წარმოდგენების მიხედვით მოწყობილი. ამიტომაა, ეს ვითომ პატრიოტი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ზედაპირული ხალხი რომ აშეარებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ცოტა ადამიანი აპროტესტებს ოკუპაციას და ბევრი ნარკოპოლიტიკას და თან ასკვნიან - არაფერი გვეშველებაო. კი, არაფერი გვეშველება, მანამ სანამ პრობლემის არსს ვერ მიხვდებით და მკერდზე მჯიღის ცემა გგონიათ რომ გვიშველის.

ადამიანები იცავენ თავისუფლებას, საკუთრებას და სამართლიანობას. ასე იყო ყოველთვის და ყველგან. ამ ქვეყანაში ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არც საკუთრება აქვთ, არც თავისუფლება და არც სამართლიანობის მინიმალური განცდა. შესაბამისად, არც არაფრის დაცვის სურვილი აქვთ და ფეხზე ჰკიდიათ თქვენი ურაპატრიოტიზმი და სწორსაც შვებიან, რომ ჰკიდიათ, რაციონალური არჩევანია.

მოკლედ, ტრაკში ვართ, ღრმად და მანამ, სანამ არ გვექნება მეტი თავისუფლება, მეტი პასუხისმგებლობა, მათ შორის საკუთარ უსაფრთხოებასთან მიმართებაში, თანმდევი სწრაფი განვითარებით, მანამდე რუსეთი დაგვასხამს თავზე და ჩვენ ვიქნებით ჩმორის მდგომარეობაში.
მანამდე ვიქნებით ჩმორები. მანამდე ვწირავთ ჩვენს შვილებს, რომ მათაც მოუწევთ ჩმორის მდგომარეობაში ცხოვრება.

ძალაუფლების მქონეებზე არ იდარდოთ, ეგენი ჩავლენ ტატუნაშვილის პანაშვიდზე, ყველა არხზე დაგენახებიან მწუხარე სახეებით. მათი შვილები არ აპირებენ აქ ცხოვრებას. მათთვის პანაშვიდზე სიარული და მწუხარე გრიმასა ის ფასია, რასაც ისინი იხდიან თქვენს დაბოლებასა და საკუთარი შვილებისთვის ამ ქვეყნის გარეთ მომავლის აწყობაში.

კომენტარები