საქართველოს ეკონომიკა

უმუშევრობა და სიღარიბე - რა იმალება ოფიციალური სტატისტიკის მიღმა

საქართველოს მოსახლეობის 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს - ამის შესახებ NDI-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. თუმცა, თუ საქსტატის ოფიციალურ რიცხვებს შევხედავთ, ვნახათ რომ უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა და 11.8%-ს შეადგენს.

რატომ არის ერთმანეთისგან ასე აცდენილი ეს რიცხვები და რომელია მათგან მართალი

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.76 მილიონი ადამიანი. ტაბულამ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს ხელფასი. სახელმწიფოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში შემოსავალი მხოლოდ 1.18 მილიონს აქვს. შესაბამისად, ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც ოფიციალურად დასაქმებულად ითვლება რეალურად ცხოვრობს ისე, რომ წლის განმავლობაში ოფიციალურად არცერთი თეთრის შემოსავალი არ აქვს.

ისინი, ვისაც სტატისტიკა დასაქმებულად თვლის, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ თვითდასაქმებულები არიან. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1.76 მილიონია, საიდანაც 1.015 მილიონი თვითდასაქმებულია, 747 ათასი კი - დაქირავებით დასაქმებული. თვითდასაქმებულებს შორის დაახლოებით 80% სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობაა, რომლებსაც სტატისტიკა დასაქმებულებად მხოლოდ იმიტომ თვლის, რომ ისინი საკუთარ ნაკვეთებში მოსავლის მიღების მიზნით მუშაობენ. მათ შესაძლოა ნატურის (მოყვანილი პროდუქციის) გარდა არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც დასაქმებულებად ითვლებიან. ამას არაფორმალური სექტორი ეწოდება.

შემოსავლების სამსახურისგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის შემცირება დაბალი ტემპით ხდება. 2009-2012 წლებში არაფორმალური სექტორი მაღალი ტემპებით მცირდებოდა, 2012 წლის შემდეგ კი შემცირების ტემპი შემცირდა.  2015 წელს ჩავარდნაც კი მოხდა, როდესაც დეკლარირებული შემოსავლების მქონე პირთა რაოდენობა 20 ათასით შემცირდა. უცნობია რამ გამოიწვია ეს შემცირება თუმცა მისი ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ექსპორტის მკვეთრი ვარდნა და ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი შეიძლება ყოფილიყო.

რა არის მოსახლეობის შემოსავალი:

დეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ 1.18 მილიონ ადამიანს აქვს, მათ 20%-ს (230,000 მოქალაქეს) 2017 წლის განმავლობაში 1200 ლარზე, ანუ თვეში საშუალოდ 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა.

120,000 მოქალაქეს წელიწადში 1200-2400 ლარი ანუ თვეში საშუალოდ 200 ლარზე ნაკლები ჰქონდა.

მცირეა იმ ადამიანთა რიცხოვნობა, ვინც შედარებით მდიდარია და წელიწადში 60,000 ლარზე მეტი (თვეში 5,000 ლარზე მეტი) შემოსავალი აქვს. ასეთი საქართველოში 9,614 პირია, მათი რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.6%-ია.

რაოდენობა ვისაც შემოსავალი აქვს ბოლო რვა წლის განმავლობაში 760 ათასიდან 1.1 მილიონამდე გაიზარდა. ზრდის ტემპი მაღალი იყო 2009-2011 წლებში, 2012-2017 წლებში კი არაფორმალური სექტორის შემცირების ტემპი ბევრად დაეცა, მეტიც 2015 წელს ჩავარდნაც კი მოხდა, როდესაც დეკლარირებული შემოსავლების მქონე პირთა რაოდენობა 20 ათასით შემცირდა.

რა არის მოსახლეობის აღქმა მათი დასაქმების სტატუსის შესახებ

NDI კითხვას თვლით თუ არა საკუთარ თავს დასაქმებულად 2010 წლიდან სვამს. რვა წლის წინ თავს უმუშევრად მოსახლეობის 70%-ზე მეტი თვლიდა, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-მდეა შემცირებული. საინტერესოა, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხის რაოდენობა თანხვედრაშია შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, რომ 2010 წლის შემდგომ დაახლოებით 400,000 მოქალაქით უფრო მეტი იღებს ახლა დეკლარირებულ შემოსავალს. 

როგორ შეიცვალა მოსახლეობის შემოსავლები 2009-2017 წლებში

2009 წლიდან დღემდე მოსახლეობის შემოსავლების გადანაწილებაში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარემოება რომ გაზრდილია მათი რაოდენობა, ვინც დეკლარირებულ შემოსავალს იღებს. ამავდროულად, ჩანს რომ ყველაზე დაბალი შემოსავლების ჯგუფიდან მოსახლეობის გადანაცვლება მოხდა შედარებით მაღალ (600-800 ლარის) საშემოსავლო ჯგუფებში. ასეთივე წანაცვლება შეიმჩნევა უფრო მაღალ საშემოსავლო ჯგუფებშიც.

 

კომენტარები