სერგეი სკრიპალის მოწამლვა

Telegraph: მომწამლავი ნივთიერება სკრიპალის ქალიშვილის ჩემოდანში მოსკოვში მოათავსეს

Reuters

Telegraph-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში დამზადებული სამხედრო-ტიპის ნერვული აგენტი იულიას ჩემოდანში მოათავსეს მანამდე, სანამ ის რუსეთს დატოვებდა.

გაზეთი წერს, რომ გამომძიებლების ვარაუდით მომწამლავი ნივთიერება ტანსაცმელში, კოსმეტიკაში ან საჩუქარში მოათავსეს, რომელიც შემდგომ სოლსბერიში, სკრიპალის სახლში გახსნეს.

66 წლის სერგეი სკრიპალი და 33 წლის იულია სკრიპალი კვლავ კომაში არიან. მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტს განუცხადა, რომ სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გააუქმებს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

საფრანგეთი, გერმანია, აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს მოუწოდებენ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა ოფიციალური მოსკოვის მოწამვლაში მონაწილეობას უარყოფს და დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს "სიგიჟეს" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით 23 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს.

კომენტარები