ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

დახრჩობა, დამწვრობა, იარაღის გამოყენება - საქართველოში 7-დან 1 ქალი ძალადობის მსხვერპლია

საქართველოში 15-64 წლის ასაკის 7-დან ერთ ქალს სიცოცხლის მანძილზე გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

"ძალიან მძიმე პირობებში ვიყავი. მცემდნენ, აგრეთვე, ქმარი მაუპატიურებდა ორსულობის დროს, რის შედეგადაც დამეწყო სისხლდენა და ექიმებმა იეჭვეს ძალადობის შესახებ, ვინაიდან ასეთი სიმპტომები არ იყო ნორმალური", - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დღეს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების ცხოვრებაში ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა ხშირი მოვლენაა.

დოკუმენტის მიხედვით, იმ ქალების 14%, ვისაც ოდესმე ჰყოლია ქმარი ან პარტნიორი, აცხადებს, რომ განუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა მისი მხრიდან.

6%-მა განაცხადა, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან განუცდია ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა.

ქალთა თითქმის 10%-ს გამოუცდია რაიმე სახის ეკონომიკური ძალადობა ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

"მან გამორთო დენი, გაზი და წყალი, რადგან ის იხდიდა გადასახადებს. მეუბნებოდა, რომ შეეძლო შეეწყვიტა გადახდა, როცა მოისურვებდა. ამბობდა, „შენ ჩემზე ხარ დამოკიდებული. მე გამოვიმუშავებ ფულს. შენ არარაობა ხარ ჩემ გარეშე", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე ჯავახეთში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი გურიასა და აჭარაში.

კვლევის მიხედვით, ინტიმური პარტნიორების მხრიდან ქალებზე ძალადობა უფრო ხშირია, ვიდრე ერთჯერადი.

პარტნიორების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსუბუქ ფორმებზე საუბრობს გამოკითხულთა 70%, ხოლო მძიმე ფორმებზე 30%. მათ შორის ასახელებენ დახრჩობას, დამწვრობას და ძალადობას იარაღის გამოყენებით.

UNWOMEN-ის კვლევის შედეგებით, საქართველოში ქალზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულებაა. ეს თანხვედრაშია 2009 წლის ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის შედეგებთან.

"ჩემი ქმარი წინააღმდეგი იყო იმაზე მეტი დრო გამეტარებინა, მაგალითად, პარკში ძაღლთან ან მეგობრებთან ერთად, ვიდრე ნებას დამრთავდა. ის ზედმიწევნით მკაცრად ზღუდავდა ჩემს კონტაქტს გარე სამყაროსთან. ასევე, მიზღუდავდა სოციალური ქსელების [გამოყენებას] და ჩემს ნათესავებთან ტელეფონით საუბარს. ის ხშირად იღებდა ჩემს ტელეფონს და მიმალავდა", - აღნიშნავს ქმრის/პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ძალადობის გავრცელების რეალური მასშტაბი კვლევის შედეგად მიღებულ მაჩვენებელთან შედარებით ყოველთვის უფრო მაღალია.

"ასეთი კვლევები ზედმიწევნით ვერ ასახავს ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ მიღებულ რეალურ გამოცდილებას ისეთი ბარიერების გამო, როგორიცაა სტიგმა, სირცხვილი და შიში. აღნიშნული მიზეზის გამო, ქალები ხშირად მალავენ ინფორმაციას განცდილი ძალადობის შესახებ", - აღნიშნავენ UNWOMEN-ში.

კვლევის მიხედვით, ქალების 19%-სა და კაცების 9.6%-ს ერთი ნაცნობი მაინც ჰყავთ ოჯახებსა თუ სამეგობრო წრეში, რომელსაც ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ხოლო ქალების 9.8% და კაცების 4%-მა განაცხადა, რომ იცნობენ ძალადობის მსხვერპლს მათ სამსახურსა თუ სასწავლებელში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს შედეგები უფრო მაღალია ვიდრე ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის რეალური, ფაქტობრივი მაჩვე­ნებლები უფრო მაღალია, ვიდრე თავად ქალების მიერ გაცხადებული ძალადობის შემთხვევები.

UNWOMEN-ის ინფორმაციით, კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლები ჩამორჩება გლობალურ მაჩვენებლებს, თუმცა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსია.

"მაჩვენებლები საკმაოდ კონსერვატული რჩება და ამჟღავნებს ძალადობის მიმღებლობას. არსებითი განსხვავება გენდერულ გენდერული დამოკიდებულებებისა და ძალადობის მაჩვენებლებს შორის იმაზე მიუთითებს, რომ ქალები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ღიად ისაუბრონ ძალადობის საკუთარ გამოცდილებაზე. ბავშვობაში სექსუალური ძალადობის შესახებ ანონიმური მეთოდით მიღებულმა მონაცემებმა ძალადობის გაუმჟღავნებლობის მაღალი დონე გამოავლინა, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ პირისპირ ინტერვიუების მეშვეობით მიღებული მაჩვენებლები მაღალი ალბათობით, ვერ ასახავს რეალობას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ძალადობა ორსულობის დროს

იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოში მასშტაბით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის.

მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. იმ ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

სექსუალური შევიწროება

"ერთხელ გასაუბრებაზე მივედი კაცთან. მაქსი­მალურად ვეცადე ჩამეცვა მოკრძალებულად - შავი შარვალი, შავი მაისური, დაბალქუსლიანი ფეხ­საცმელი, არავითარი მაკიაჟი. როდესაც ოთახში შევედი, მან მითხრა, რომ მას ესმოდა [რატომ მავიწროებდნენ] და მე ვიყავი იმ კატეგორიის ქალი, რომლის შევიწროებაც შესაძლებელი იქნებოდა[...]. მისი აზრით, ეს კომპლიმენტი იყო. მე ტირილი დავიწყე, რადგან არაფრის თქმა ან გაკეთება შემეძლო", - ყვება ფოკუს ჯგუფის მონა­წილე ქალი.

კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია არაპარტნიორის მხრიდან ძალადობაც. ქალებმა განაცხადეს, რომ გამოუცდიათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრების, მათ შორის მეუღლის მშობლების, ძმების, გერებისა და რძლების/მულების მხრიდან.

UNWOMEN-ში ამბობენ, რომ ეს კვლევა საქართველოში სექსუალური შევიწროების შესწავლის პირველი ყოვლისმომცველი მცდე­ლობაა.

  • გამოკითხული ქალები 26%-ს განუცდია სექსუალური ძალადობა ან შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან, ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობის ჩათვლით;
  • 15-64 წლის ასაკის ქალების 2.7%-ს კი სიცოცხლის მანძილზე განუცდია სექსუალური ძალადობა ქმრის/პარტნიორის გარდა სხვა პირის მხრიდან;
  • ყველაზე ხშირად, მოძალადეებად არაპარტნიორის მხრიდან სექსუალურ ძალადობას მამრობითი სქესის კოლეგები, მეგობრები/ნაცნობები და უცხო პირები ახორციელებენ;
  • სექსუალური შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა აღმოჩნდა. 5-დან ერთი ქალი (20%) აცხადებს, რომ განუცდია სექსუალური შევიწროების მინიმუმ ერთი ფორმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად სექსუალური შევიწროების შესახებ დაბალი ინფორმირების დონისა, ეს საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემა აღმოჩნდა.

"საქართველოს კონტექსტში, თვისობრივი კვლევის მიხედვით, სექსუალური შევიწროება მეტწილად ნორმალიზებულია და მის შესახებ საუბარი მიღებული არ არის. ის ხშირად აღიქმება ე.წ. "მეგობრულ შევიწროებად" ან კომპლიმენტად.

თვისობრივ ინტერვიუებში ქალები ხშირად ახსენებდნენ სექსუალური შევიწროებას სამუშაო ადგი­ლას. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ხელმძღვანე­ლები სექსუალურ ურთიერთობებს სთავაზობდნენ. მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალები სამსახურში აჰყავდათ არა მათი უნარებისა და კვალიფიკაციის, არამედ ფიზიკური გარეგნობის მიხედვით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ძალადობა ბავშვობაში:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკითხვაში, ჯამში, ქალთა 14%-მა განაცხადა, რომ განუცდიათ ბავშვთა მიმართ ძალადობის რაიმე ფორმა.

ქალების მიერ ბავშვობაში განცდილი ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად დასახელდა ფიზიკური ძალადობა (6%), რომელსაც მოსდევს ფსიქოლოგიური ძალადობა (5%). ქალთა 9%-მა განაცხადა, რომ ბავშვობაში განუცდია სექსუალური ძალადობა.

​ადევნება:

კვლევის ფარგლებში ქალებს ასევე ჰკითხეს ადევნების გამოცდილების შესახებ: 3.5%-მა განაცხადა, რომ სიცოცხლის მანძილზე ადევნების მრავალი ფორმა განუცდია, ხოლო 3.3%-მა აღნიშნა, რომ ადევნება უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამოუცდია. რესპონდენტების თანახმად, ადევნების ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებები ან ელექტრონული ფოსტა (2%), ან უბრალოდ გაყოლა (1%) და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები (1%).

დამოკიდებულებები ძალადობის მიმართ

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში ძალადობის მიმღებლობაც შეისწავლა.

"არავინ სცემს ვინმეს უმიზეზოდ. სხვა შემთხვევაში, ის გიჟია. თუ მეზობელი სცემს თავის ცოლს, ე.ი., ამ კაცის გადმოსახედიდან - ცოლი ამას იმსახურებდა", - ამბობს სასოფლო ფოკუს ჯგუფის მონაწილე კაცი.

დოკუმენტის მიხედვით, ქალების ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. 

როგორც მამრობითი (50%), ისე მდედრობითი (33%) სქესის რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა პირადი ცხოვრების საკითხია და მასში არავინ უნდა ჩაერიოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლები, მაღალი ალბათობით, ამ მოსაზრებას არ იზიარებენ (27%).

გაეროს ქალთა ფონდმა გენდერული დამოკიდებულებებიც გამოიკვლია.დოკუმენტის მიხედვით, ქალების 66% და კაცების 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახლის საქმეების მოწესრიგებაა.

გარდა ამისა, ქალების 23% და კაცების თითქმის ნახევარი, 42% მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.

"პირადად ჩემთვის პატივსაცემია ის ქალი, რომელიც ზრდის და ასწავლის ბავშვებს და ზრუნავს მათ წარმატებაზე. ამასთანავე, მას უნდა შეეძლოს საჭმელების კარგად მომზადება და დაუთოება", - ამბობს სასოფლო ფოკუს ჯგუფის მონაწილე ქალი.

გაუპატიურება:

გამოკითხული კაცების 22% და ქალების 14% მიიჩნევს, რომ თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

UNWOMEN-ში აცხადებენ, რომ ზოგადად, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა გადატანილი ქალები და კაცები უფრო მაღალი ალბათობით ეთანხმებიან გაუპატიურებასთან დაკავშირებულ მითებს. 

კვლევის მიხედვით, კაცების ნახევარს, 50%-ს და ქალების თითქმის ნახევარს, 42%-ს გაუპატიურებად არ მიაჩნია, თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობის მიმართ უფრო შემწყნარებლები არიან სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე, უფროსი ასაკის ადამიანები.


ფოტო: Twitter Associated Press | WSJ

"რესპონდენტების დიდი პროცენტი დარწმუნებულია, რომ ქალების მთავარი როლი ოჯახის მოვლაა და თუ ქალი კაცს საპასუხო ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს სექსუალური ძალადობისას, მაშინ ეს ფაქტი გაუპატიურებად არ ითვლება. ბევრი კაცი და ქალი თანხმდება, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა მათი საქმეა, რომელშიც არავინ უნდა ჩაერიოს. უფრო მეტიც, ქალების და კაცების თითქმის ერთი მესამედი ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის სულ მცირე ერთ საბაბს მაინც ამართლებს, რაც საქართველოში ძალადობისადმი მაღალი შემწყნარებლობის მაჩვენებელია", - აცხადებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ (ქალი - 67%, კაცი 74%) იცის, რომ საქართველოში არსებობს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალა­დობის შესახებ. მიუხედავად ამისა, კაცების მხოლოდ 38% და ქალების 44%-ზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ქმრის მიერ ცოლის გაუპატიურება არის სისხლის სამართლის დანაშაული.

რატომ ითმენენ ძალადობას?

პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუ­ალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების 36%-ს მომხდარის შესახებ არავის­თვის უთქვამს.

"ვფიქრობდი, რომ ოჯახის მთლიანობა უნდა შე­მენარჩუნებინა. ჩემი პირველი ქორწინება დაი­ნგრა, ახლა კიდევ მეორე... ვიფიქრე, თუ მეორედაც განვქორწინდებოდი, ხალხი ჩემს პატიოსნებაში შეიტანდა ეჭვს. მე ბავშვების გამოც ვცდილობდი. მათ მამა ისევე სჭირდებათ,როგორც დედა", - აცხადებს ძალადობის მსხვერპლი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ის მიზეზებიც შეისწავლა, რის გამოც ქალები ძალადობის შესახებ არ საუბრობენ.

UNWOMEN-ის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა უმეტესობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას არავის უმხელს და არც რომელიმე უწყებისგან ითხოვს დახმარებას.

"ეს აჩვენებს, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობას ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდიან, საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით უჭირთ დახმარების ძიება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

იმ ქალებს შორის, რომლებსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალა­დობა განუცდიათ, თითქმის ნახევარს (46%), სულ მცირე ერთი ღამით დაუტო­ვებია სახლი ძალადობის გამო. იმ ქალებს შორის, რომლებიც სასტიკი მოპყრობის მიუ­ხედავად მაინც რჩებიან, სამიდან ერთი (38%) ამ გადაწყვეტილებას ქორწინების სიწმინდის გამო იღებს. აგრეთვე, ქალებს არ სურთ ბავშვე­ბის დატოვება (17%) ან ფიქრობენ, რომ ამით ოჯახს შეარცხვენენ და ეს არ სურთ (16%).

UNWOMEN-მა ქალებს ძალადობაზე საუბრის, ასევე ამის დამალვის მიზეზებიც ჰკითხა. შედეგები ასეთია:

დახმარების ძიების მიზეზები:

  • აღარ შეეძლო მეტის ატანა;
  • მიიღო მძიმე დაზიანებები;
  • მეგობრების/ოჯახის წაქეზებით;
  • დაემუქრნენ ან ეცადნენ მის მოკვლას;
  • ეშინოდა, რომ დაარტყამდნენ/განიცდიდა მეტ ძალადობას;
  • ეშინოდა რომ მოძალადე მოკლავდა;
  • ხედავდა, რომ ბავშვები იტანჯებოდნენ;
  • მოძალადე ემუქრებოდა ან სცემდა ბავშვებს;
  • გააგდეს სახლიდან;
  • ეშინოდა, რომ თავად მოკლავდა მოძალადეს.

დახმარების არ მოძიების მიზეზები:

  • შეარცხვენდა ოჯახს;
  • ეშინოდა მუქარის/შედეგების/მეტი ძალადობის;
  • რცხვენოდა/ეშინოდა, რომ არ დაუჯერებდნენ და გამტყუნდებოდა;
  • არ იცოდა, რა არჩევანი ჰქონდა;
  • ძალადობას მიიჩნევდა ნორმალურად/არასერი­ოზულად;
  • ეშინოდა ბავშვების დაკარგვის;
  • ეშინოდა, რომ მოძალადე დაასრულებდა ურთი­ერთობას;
  • სჯეროდა, რომ დახმარების თხოვნა არაფერს შე­ცვლიდა/იცოდა, რომ სხვა ქალებს არ დაეხმარა;
  • ემუქრებოდნენ, რომ მოძალადე მოიკლავდა თავს.

კვლევის მიხედვით, ქალებმა, რომლებმაც დახმარება პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემდეგ ითხოვეს, განაცხადეს რომ მათ მეტის ატანა (80%) აღარ შეეძლოთ და/ან მძიმე დაზიანება (21%) მიიღეს. იმ ქალების 18%-ს, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, პრობლემის გამჟღავნებისკენ მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა უბიძგეს.

პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალუ­რი ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების მხოლოდ 26%-ს მიუმართავს დახმარებისთვის შესაბამისი ორგანიზაციის ან სერვისისთვის. იმ ქალებს შორის, რომლებმაც სააგენტოებსა თუ მომსახურების სხვა ცენტრებს მიმართეს, ძალადობის შესახებ პოლიციას 18%-მა შეა­ტყობინა, 8%-მ ჯანდაცვის სფეროს წარმო­მადგენელს უთხრა, 5%-მა კი სასამართლოში განაცხადა.

უმცირესობების წარმომადგენელი ქალები

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ლბტ, იმიგრანტი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქა­ლების გამოცდილებებიც შეისწავლა. მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ამ ჯგუფის ქალების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, რომე­ლიც იდენტობას თუ ფიზიკურ შესაძლებლობებსა და ფსიქიკურ უნარს ეფუძნება, მათ მიერ განცდილ ძალადობას კიდევ უფრო ამწვავებს.

გამოკითხვაში მონაწილეები ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ასახელებენ.

"შეზღუდული შე­საძლებლობების მქონე და ლბტ ქალებში ფსი­ქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან მათი იზოლაციისა და ქცევის კონტროლის მიზ­ნით იყო გამოყენებული. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, იგი სოციალურ ნორმებსა და სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, ხშირად სასჯელის ფორმად გამოიყენებოდა და ძირითადად ტრან­სგენდერ ბავშვებთან მიმართებაში იყო გავრცე­ლებული. დაწესებულებებში მცხოვრებმა შეზღუ­დული შესაძლებლობების მქონე ქალებმა განაცხადეს, რომ სექსუალური და ფიზიკური ძალადობა განუცდიათ, როგორც ჯანდაცვის სფე­როში მომუშავე პირებისგან, ისე სხვა შშმ პაცი­ენტებისგან", - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, თვისობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ფორმის ძალადობას განიცდიან აზერბაიჯანელი ქალები. დოკუმენტის მიხედვით, ძალადობა დაკავშირებულია ოჯახსა თუ საზოგადოებაში  მათ დაქვემდებარებულ როლთან, ასევე, ქართულ რეალობაში მათ მარგინალიზებულ მდგომარეობასთან.

"წარმოდგენილ ეთნიკურ ჯგუ­ფში იძულებითი, ადრეული ქორწინება ჩვეული მოვლენაა, ეკონომიკური დამოკიდებულება კი მათ მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას უწყობს ხელს. ის აზერბაიჯანელი ქალები, რომ­ლებიც უარს ამბობენ სქესობრივ კავშირზე, ხშირად საუბრობდნენ სექსუალური პარტნიორის მხრიდან ძალადობაზეც", - აღნიშნულია კვლევაში.

ერაყელ და ეგვიპტელ იმიგრანტ ქალებთან ჩატარებულმა თვისობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტიმური პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა საქართველოში მინიმალურია.

კვლევის მიხედვით, იმიგრანტმა ქალებმა დადებითად ისა­უბრეს როგორც ქართულ საზოგადოებაში მათ ტრანზიციასა და ინტეგრაციაზე, ისე სკოლაში სიარულის დროს, მათი შვილების, განსაკუთრებით კი გოგოების უსაფრთხოებაზე.

"იმიგრანტი ქა­ლების მიერ დასახელებული ყველაზე მნიშვნე­ლოვანი პრობლემები ენასა და დასაქმების შესაძლებლობებს ეხება. შრომის ტრადიციული გადანაწილება განაპირობებს მათ მოლოდინს, რომ შემოიფარგლებიან საოჯახო სფეროთი და არ აქვთ სამუშაოს მოძებნაში ხელშეწყობის იმედი. ამასთან, იმის გამო, რომ მათ უმეტესობას მშობლიურ ქვეყანაში არასდროს უმუშავია, არ აქვს გამოცდილება და იმ უნარების ნაკლებობას განიცდის, რომლებიც დასაქმებაში დაეხმარება", - აღნიშნულია კვლევაში.

ძალადობის ჯამური მაჩვენებლები

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალების მიერ გამოცდილი სხვადასხვა ძა­ლადობის გამოცდილებები შეაჯამა და შედეგად, დადგინდა, რომ:

  • ქალების 12%-ს სიცოცხლის მანძილზე განუც­დია ქმრის/პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალა­დობა;
  • 4-დან 1 ქალზე მეტს (27%) სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრი­­დან, მათ შორის ბავშვობაში განცდილი ძალადობა ან სექსუალური შევიწროება.

----------

2017 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა 2009 წლის შემდეგ მოსახლეობის დონე­ზე ჩატარებული პირველი კვლევაა, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის გავ­რცელებას ზომავს და ქალების ჯანმრთელობაზე მისი შედეგების გავლენას აფასებს.

UNWOMEN, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში ქალები ინტიმური პარტნიორი კაცების მხრიდან უდიდესი ძალადობის რისკის ქვეშ არიან. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება სექსუალური ძალადობის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა, ქალების დასაცავად ამჟამად სექსუალური შევიწროების სამართლებრივი განმარტება და კანონმდებლობა არ არსებობს.

"კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ როგორც ქა­ლებს, ისე კაცებს მაღალი მიმღებლობა აქვთ ურთიერთობაში ქალთა მიმართ ძალადობის მი­მართ, ასევე არ უყურებენ თანასწორობის პრიზ­მიდან სქესობრივ კავშირსა და სექსუალურ ძალა­დობას. ის ფაქტი, რომ ძალადობა როგორც კაცების, ისე ქალების მხრიდან გამართლებულად მიიჩნევა, ძალადობის ფართო სოციოკულტურულ გავრცელებასა და გენდერულ უთანასწორობაზე მი­უთითებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით, ქალების მიერ განცხადებული ძალადობის მაჩვენებლები საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპაში. თუმცა, ძალადობის მიმღებლობიდან გამომდინარე, UNWOMEN მიიჩნევს, რომ ეს შედეგი შეიძლება შეუტყობინებელი ფაქტების სიჭარბეზე მიგვანიშნებდეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საუბრობს დადებით ტენდენციებზეც. მათი თქმით, 2017 წლის კვლევის შედე­გებმა გენდერული თანასწორობის მიმართ დამო­კიდებულებებსა და პრაქტიკაში პოზიტიური ცვლილებებიც გამოაჩინა.

UNWOMEN-ის განცხადებით, 2009 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ:

  • გენდერული დამოკიდებულებები ნაკლებად კონსერვატიულია;
  • ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ქა­ლები და კაცები ნაკლებად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ;
  • იკლო იმ ქალთა რაოდენობამ, რომლებიც მოძალადე ქმრებთან რჩებოდნენ, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ძალადობა ნორმალურია;
  • შეინიშნება იმ ქალთა პროცენტული რაოდე­ნობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებმაც ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევების შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

ამ შედეგების გათვალისწინებით, ორგანიზაცია ამბობს, რომ ქვეყანაში ცნობიერების ამაღლების, ქალთა გაძლიერებისა და უფლებების კუთხით უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაწეულმა ძალისხმევამ პოზიტიური გავლენა იქონია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აზრით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებისთვის საჭიროა გენდერული უთანასწორობის და ძალადობის ნორმალიზების ხელშემწყობი ქცევის ნორმების, წარმოდგენებისა და სტრუქტურების ცვლილება.

"გენდერული როლები, რომლებიც შინამეურნეობაში ქალის დაქვემდება­რებულ მდგომარეობას ინარჩუნებს, ქალის მიმართ ძალადობის ნორმალიზაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ოჯახურ სივრცეში, სადაც ძალადობა ხშირად კაცის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად გამოიყენება. კვლე­ვის მიხედვით, კაცებს უფრო მეტად აქვთ გენდე­რულად უთანასწორო დამოკიდებულება, ვიდრე ქალებს. აღნიშნული ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისთვის კაცებსა და ბიჭებთან მუშაობის მნიშვნელობას. შედეგები ასევე მიგვანიშნებს მართლმსაჯულებისა და ჯანდაცვის მომსახურების აუცილებლობაზე იმ ქალთა დასახმა­რებლად, რომლებმაც ძალადობა ან შევიწროება განიცადეს", - აღნიშნულია კვლევაში.

--------------

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6.006 ქალი და 15-64 წლის 1.601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

კომენტარები