პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს.
„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული. განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში, მოგხსენებათ, მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს, ასევე სასამართლო სისტემაში და ვფიქრობ, ეს ახალი მექანიზმები იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც მათ შესაძლო გადაცდომებს განიხილავს", - თქვა კვირიკაშვილმა.
კონკრეტული თარიღი, როდისთვის იგეგმება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, პრემიერმინისტრს არ დაუსახელებია.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც სამართალდამცველების გადაცდომებს შეისწავლის, სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ითხოვენ.
სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის კვლევის მიხედვით, რომელიც 14 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ და ომბუდსმენმა 2014-2017 წლებში სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით 91-ჯერ მიმართეს. პროკურატურამ კი ბრალი პოლიციელებს მხოლოდ 2 შემთხვევაში წარუდგინა. გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთხელ არ დამდგარა.
მათ კანონპროექტიც შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას მთავრობისგან და პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მის ხელმძღვანელს კომისარი ერქმევა და 7 წლის ვადით აირჩევა. კომისრის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა 3/5–ის, ანუ სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. კომისარი პარლამენტს მოხსენებას წელიწადში ორჯერ წარუდგენს. ხოლო თუკი პარლამენტის წევრთა მხრიდან მოთხოვნა იქნება, ეს შეიძლება უფრო მეტჯერაც მოხდეს.
კანონპროექტის თანახმად, კომისრის ოფისს სამი ფუნქცია ექნება:
- გამოძიება
- სისხლის სამართლებრივი დევნა
- სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერა
ამ ეტაპზე უცნობია, შევა თუ არა პარლამენტში კანონპროექტი იმ სახით, რა სახითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს ან შეიტანს თუ არა ცვლილებებს მმართველი გუნდი.





