გასულ კვირას ქართულ მედიაში გაავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგნიტური ტყლარწი არის მომაკვდინებელი სათამაშო, რომელიც იწვევს მძიმე ინტოქსიკაციას და შეიცავს სიკვდილიანობის მაღალ რისკებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მაღაზიათა ქსელებიდან ამოიღეს ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა.
ტაბულა დაინტერესდა, რას ეყრდნობოდა მედია ამ ინფორმაციის გავრცელებისას. როგორც ირკვევა, საქმე ეხება მაგნიტური ტყლარწის გამომშვებ ერთ კონკრეტულ კომპანიას "Magnetic Putty"-ის, რომლის პროდუქციაც, BBC-ის ცნობით, ინტერნეტმაღაზია Amazon-მა გაყიდვებიდან ამოიღო.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, Amazon-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტული კომპანიის მიერ გამოშვებული მაგნიტური ტყლარწი შესაძლოა, შეიცავდეს საფრთხისშემცველ ნივთიერებებს.
კერძოდ, გამოკვლევით დადგინდა, "მაგნიტურ ტყლარწში" დარიშხანის შემცველობა 7-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ხოლო მის შეფუთვაში არსებული მაგნიტის მიზიდულობა კი 29-ჯერ. სათამაშოს მცირე ზომის გამო, არსებობს საფრთხე, რომ ბავშვებმა ის გადაყლაპონ. BBC-ის ინფორმაციით, "Magnetic Putty"-ის შეფუთვაზე ეწერა, რომ ის არ იყო რეკომენდირებული 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა არ ეწერა, მოდიოდა თუ არა სათამაშო შესაბამისობაში ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ამასთან, სათამაშოს შეფუთვაზე არც ის ეწერა, თუ საიდან მოდიოდა ამ კონკრეტული ტყლარწის შემქმნელი კომპანია. ინტერნეტმაღაზიის გადაწყვეტილებას ცოტა ხანში eBay და Groupon-იც შეუერთდნენ.
ტაბულა დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც კითხვაზე, იყიდებოდა თუ არა საქართველოში ამ კომპანიის მიერ ნაწარმოები ტყლარწი, გვიპასუხეს, რომ უწყება დაინტერესებულია საკითხით და მიმდინარეობს მოკვლევა. ამასთან, უწყებაში გვითხრეს, რომ მათ არ მოუწოდებიათ მაღაზიათა ქსელებისთვის, რომ გაყიდვებიდან ამოეღოთ ტყლარწი. ტაბულა კვლავ აგრძელებს თემაზე მუშაობას და სამინისტროს უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ტყლარწი
არის თუ არა ტყლარწი "მომაკვდინებელი სათამაშო"?

BBC.COM




