შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგიტა დალაქიშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, მოქალაქეს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა.
"კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გოგიტა დალაქიშვილი რამდენიმე თვის წინ რუსთავი 2-თან ამბობდა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მას ფულის სანაცვლოდ თანაგუნდელების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას სთავაზობდა.
"კურიერის" ცნობით, "ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტის სახლიდან დღეს ჩანაწერებიც ამოიღეს, სადაც, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ამ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი არ ადასტურებს.





