სამართალდამცველებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.
"გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს. 15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა" - აცხადებს შსს.
აღსანიშნავია, რომ გაქცეულის დასაკავებლად, გლდანში სპეცოპერაცია 15 იანვარს მთელი ღამე მიმდინარეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობას და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





