40 წლისთავი ილია მეორის აღსაყდრებიდან

პრემიერი ილია II-ს: თქვენი პატრიარქობა უდიდესი მადლი და ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი აღსაყდრების 40 წლის იუბილე ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ღვთის უდიდესი მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით - ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის და მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა,განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია. თქვენ, თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ სათნოების, მიმტევებლობის საფუძველსა და მაგალითს. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა.

კომენტარები