ნარკოდანაშაული

შსს: ერთ კილოგრამამდე ჰეროინი ამოვიღეთ

შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვის გამო ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 1990 წელს დაბადებული ჰ.გ. ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა და თბილისში, სამღებროს ქუჩაზე აიყვანეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.გ.-ს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები სისტემატიურად შემოჰქონდა და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა."- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები