სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ 21 წლამდე ასაკის პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო არასრულწლოვანი - მშობლის მეთვალყურეობაში გადასცა.

"დახურულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები. ასევე გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და მიიჩნია, რომ ბრალდებულების თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ამავე საქმეზე ბრალდებულების მიმართ, მათი ასაკის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულ ლ.კ.-ს მიმართ გამოყენებული გირაო -5.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ მ.კ.-ს მშობლის-დედის მეთვალყურეობაში გადაცემა სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულების სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე" - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება.

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის დამალვისთვის პროკურატურამ ბრალი ხუთ პირს, 4 დეკემბერს წარუდგინა. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს გუშინ, 4 დეკემბერს, ჩაბარდა. 

კომენტარები