სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ომბუდსმენი: საზოგადოების მცდარი მიდგომები ხშირად ხელს უშლის გამოძიების პროცესს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების სისხლიანი გარჩევის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია მომხდარი შემთხვევის დროული გამოძიება და მოწმეთა თანამშრომლობა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ "სამწუხაროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს". ომბუდსმენის აზრით, აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორი მიმართულება მიეცეს მომხდარი შემთხვევის განხილვას.

სახალხო დამცველის შეფასებითვე, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

"შესაბამისად, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია. მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს; სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რადგან მათ უმთავრეს მოვალეობას ბავშვის პიროვნული განვითარება და განათლება წარმოადგენს, არამხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, ბავშვის მიმართ ოჯახში თუ სხვა ფორმის ძალადობის გამოვლენის, მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბულინგი არასრულწლოვანთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ძალადობის ამ ფორმის პრევენციის ერთიანი ხედვა.

"ამასთან, დაბალია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერება ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.

მნიშვნელოვანია  ოჯახისა და საზოგადოების როლი ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, გაზიარება და თანამონაწილეობა.  სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმების დამკვიდრება, საზოგადოება კი ხშირად თვალს ხუჭავს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე დააკავეს, ხოლო მეორე - მიმალვაშია. ასევე, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები