საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით არ მიმდინარეობს.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - უთხრა პროკურატურის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა ტაბულას.
მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია დაკავებულია თუ არა ბრალდებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით ქმარი ყოფილ ცოლზე ძალადობდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაც უნდა დაწყებულიყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლზე მითითებით. 11-ე პრიმა მუხლი ასევე განმარტავს, რომ ოჯახის წევრად ითვლება მათ შორის ყოფილი მეუღლე.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტს ამ ეტაპზე მხოლოდ პროკურატურა იძიებს და დამატებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე პოლიცია შეტყობინების შემდეგ მივიდა და ყოფილმა ქმარმა სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი. დაჭრილია ყოფილი ცოლიც.





