ჯორჯ სოროსი

ჯორჯ სოროსმა ფონდს “ღია საზოგადოება“ $18 მილიარდი გადაურიცხა

NYtimes

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, თავისივე დაფუძნებულ ფონდს “ღია საზოგადოება“ 18 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაურიცხა. ერთი ორგანიზაციისთვის კერძო დონორის მხრიდან ეს იშვიათად დიდი შემოწირულობაა.

სოროსი თავის ფონდს წლების განმავლობაში აფინანსებდა, თუმცა თანხის ჯამური რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ჯამურმა გადარიცხვებმა ფონდი “ღია საზოგადოება“ ამერიკაში სიდიდით მეორე ფილანტროპულ ორგანიზაციად აქცია. პირველ ადგილზე ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ორგანიზაციაა.

ჯორჯ სოროსმა ფონდი 30 წლის წინ დააარსა და მას შემდეგ, “ღია საზოგადოება“ მსოფლიოს 120 ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას არ წყვეტს. ბოლო წლებში, ფონდი აქტიურად არის ჩართული აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებშიც. “ღია საზოგადოება“ აფინანსებს ისეთ პროგრამებს, რომლებიც უმცირესობების დაცვას ემსახურებიან.

ჯორჯ სოროსი იყო ჰილარი კლინტონის ერთ-ერთი უდიდესი შემომწირველი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე და კვლავ განაგრძობს დემოკრატების დაფინანსებას, რის გამოც ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი რესპუბლიკელების მხრიდან.

კომენტარები