ახალი მეტროსადგური

მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მგზავრებს ჯერ არ ემსახურება

ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" დღეს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მგზავრებს ჯერ არ ემსახურება. როგორც ტაბულას თბილისის მეტროპოლიტენში უთხრეს, გახსნის ღონისძიების შემდეგ სადგური უნდა მოწესრიგდეს, რათა მგზავრების მიღება შეძლოს. მეტროპოლიტენში ვარაუდობენ, რომ მგზავრები ახალი მეტროსადგურით მგზავრობას 5-6 საათისკენ შეძლებენ.

მეტრო უნივერსიტეტის განახლების პროექტი ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. თავდაპირველად, სადგურის გახსნა ზაფხულში იგეგმებოდა, შემდეგ გახსნის თარიღმა სექტემბერში გადაიწია. საბოლოო თარიღად კი, 16 ოქტომბერი დასახელდა.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა. იმის მიუხედავად, რომ გვირაბები თითქმის ოცი წელია გაყვანილია, ტერიტორიაზე მეტროს სადგურის მოწყობა აქამდე ვერ მოხერხდა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

კომენტარები