თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირების გამო სხდომა შეჩერებულია

რუსთავი 2

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარიკა დათუკიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს სხდომის გახსნისა და საკრებულოში დეპუტატების შეშვებისკენ მოუწოდებს. დათუკიშვილმა ალიბეგაშვილს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიმართა და ასევე მოუწოდა, სხდომის დღის წესრიგიდან იქნას ამოღებული კონკრეტული კომპანიისთვის მიწის 1 ლარად გადაცემის საკითხი.

”ბატონ ალიბეგაშვილს მივმართავ, რის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება? წაკითხული გაქვთ კანონი პარლამენტის შესახებ? საერთოდ, თუ ხართ საქმის კურსში, რას წარმოადგენს საკრებულო?! რა ორგანოა ეს, რა უფლება-მოვალეობები გაქვთ თქვენ?! გეკითხებით, რადგან გიყურებთ სახეზე და წარბი არ გიტოკდებათ. თქვენ არღვევთ ყველანაირ კანონს. ჩემთვის გასაგებია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს უნდა უპატაკოთ, რომ შენია და ერთ ლარად გჩუქნით თბილისსო, მაგრამ ვეცდებით, რომ ამის საშუალება კანონით არ მოგცეთ”, - განაცხადა დათუკიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, საკრებულოს დღის წესრიგის დამტკიცებას ხელი შეუშალოს. ამ ეტაპზე საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირებაა და სხდომა შეჩერებულია. 

თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილისმიერ დაფუძნებული კომპანიის, "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას აპირებს. ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება, რომელიც პანორამა თბილისის ერთ-ერთი ობიექტის შემადგენელი ნაწილი იქნება. 

ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს

საკითხის დამტკიცებას უწყება 29 სექტემბრის სხდომაზეც გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები