კულტურის პალატა

ოქიტაშვილის ორგანიზებით, "თბილისის საპატიო მოქალაქეები" თსუ-ს სტუდენტებს შეხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 29 სექტემბერს თსუ-ის მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში ღონისძიება "სტუდენტების შეხვედრა თბილისის საპატიო მოქალაქეებთან" გაიმართება. 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის გურანდა გაბუნია, ლალი ბადურაშვილი, ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე, ვაჟა აზარაშვილი, თემურ თათარაშვილი და მაცაცო სებისკვერაძე არიან.

მათი ნაწილი მმართველი გუნდის, ქართული ოცნების ღია მხარდამჭერია და 2016 წლის ივნისში პარტიის ახალი სახეების წარდგენასაც ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრების სტატუსით.

ტაბულა დაუკავშირდა სტუდენტურ თვითმმართველობას, რათა გაერკვია, რა პრინციპით შეირჩნენ ისინი საპატიო მოქალაქეების სტატუსით, სადაც გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება კულტურის პალატამ მიიღო და თვითმმართველობა მხოლოდ ორგანიზებაში ეხმარება. მათივე თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე არც თსუ-ის და არც კულტურის პალატის ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება. 

ამის შემდეგ ტაბულა კულტურის პალატის პრეზიდენტს დათო ოქიტაშვილს დაუკავშირდა. ოქიტაშვილმა გვითხრა, რომ ამ ადამიანების სტუდენტებთან შეხვედრის ორგანიზებას პოლიტიკასთან და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

მისი თქმით, ისინი დაუკავშირდნენ "კულტურის ყველა წარმომადგენელს" და ყველას შეუძლია ამ ღონისძიებაზე მისვლა, პერსონალური მოსაწვევი კი არავისთვის გაუგზავნია. ამასთან, ღონისძიებაზე მაცაცო სებისკვერაძე იქნება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მარიკა გერსამიას დედაა. 

"რა ვქნათ ახლა, თბილისის საპატიო მოქალაქეები თითქმის სულ ყველა კალაძის მხარდამჭერები არიან და რა ვქნათ ახლა, ვინ მოვძებნოთ?"- ამბობს დათო ოქიტაშვილი. 

მისივე თქმით, ხვალ დაგეგმილ ღონისძიებას გურანდა გაბუნია ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ დაესწრება. მისივე თქმით, ღონისძიება პოლიტიკური რომ ყოფილიყო, გაბუნია აუცილებლად მოვიდოდა. 

ოქიტაშვილის თქმით, "თბილისის საპატიო მოქალაქეებს რომ გადახედოთ, 90% იქ ამათი [ქართული ოცნების] მხარდამჭერია".

კულტურის პალატის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აგიტაცია რომ სდომებოდა, ბევრად მეტ ადამიანს შეკრებდა და მთელ ფილარმონიას გაავსებდა, მაგრამ მისი მიზანი ეს არ არის და "არასდროს იკადრებს სტუდენტებს მოუწოდოს, ვის მისცენ ხმა".

კომენტარები