ამერიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა რვა ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საემიგრაციო კონტროლი გაამკაცრა.

24 სექტემბერს, თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებელ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აშშ-მა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობით ახალი საიმიგრაციო მოთხოვნები შეიმუშავა.

ახალი მოთხოვნების მიხედვით, ამერიკა სხვა ქვეყნის მთავრობებიდან სრულ ინფორმაციას ითხოვს ძებნილ და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პირებზე. ამ ინფორმაციას აშშ 50 დღის ვადაში ელოდება და იმედოვნებს, რომ ქვეყნები მზად არიან თანამშრომლობისთვის.

50 დღის შემდეგ, აშშ იმ ქვეყნების ბედს განიხილავს, რომლებიც ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას არ დათანხმდებიან.

მანამდე კი, ამერიკაში ჩასვლა ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდ.კორეის, სომალის, სირიის, ვენესუელას და იემენის მოქალაქეებს აეკრძალათ. აშშ-ში შესვლის დროს გამკაცრებული კონტროლის გავლა მოუწევთ ერაყის მოქალაქეებსაც. აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ამ ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონის საბაზისო მოთხოვნებიც ვერ დააკმაყოფილეს.

დონალდ ტრამპი ცვლილებებს ტერორიზმის საფრთხითა და ამერიკელი ხალხის ნებით ხსნის.

“ჩვენ ვერ გავაგრძელებთ წარსულის პრაქტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დიდ საფრთხეს შეიცავდა. ჩემი უპირველესი მოვალეობაა, დავიცვა ამერიკელი ხალხი და სწორედ ამ წმინდა მოვალეობის შესრულების გამო დავაწესეთ ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა.“-ამბობს ტრამპი.

კომენტარები