"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ მისი თანაპარტიელებზე თავდასხმის ფაქტების გამო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ქართული ოცნება და ხელისუფლება ძალადობრივ საქმიანობაშია ჩაბმული.
"როგორც მოსალოდნელი იყო ქართული ოცნება და ხელისუფლება მთლიანად უკვე ძალადობრივ საქმეშია ჩაბმული. დღეს, 23 სექტემბერს, სოფელ სადახლოში ქართული ოცნების წარმომადგენელი როშან ისკანდეროვი და გამგეობის თანამშრომელი მუხამედ ალიბედიევი თავს დაესხნენ ჩვენი სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატს ალი მამედოვს. იქვე იმყოფებოდა ჩვენი მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი, ისინი სამძიმარზე იყვნენ მისულები. აჰმედ იმამკულიევის მისვლა სამძიმარზე ქართულმა ოცნებამ გააპროტესტა, ამას შემდეგ ჩხუბი მოყვა და ჯგუფურად თავს დაესხნენ ალი მამედოვს, რის შემდეგად მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია."
გიგი უგულავას თქმით გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება ცემით, დაშინებითა და მუქარით აპირებს მარნეულში არჩევნების ჩატარებას, თუმცა "ევროპული საქართველო" არც ერთი ხმის დათმობას არ აპირებს.
"აჰმედ იმამკულიევმა ქართული ოცნება დაამრცხა ორჯერ - 2014 წელს, როდესაც მოხსნილი კადიდატი ძალით გაიყვანა ქართულმა ოცნებამ და 2016 წელს, როდესაც პრაქტიკულად სპეცნაზით ჩაატარა მარნეულში არჩევნები. როგორც ჩანს ახლაც ეს გეზი არის აღებული. ის, რაც დღეს მოხდა არის ყველა ზღვარს მიღმა, როგორც ჩანს ქართული ოცნება აპირებს კვლავ დაშინებით, ცემით, მუქარით, სპეცნაზებით მარნეულში არჩევნებში ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს გამოძიების სწრაფად ჩატარებისა, ბუნებრივია ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას, მაგრამ ამავდროულად ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას - მარნეულის ყველა უბანში განსაკუთრებული ყურადღება იქნება, ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ."
ევროპულმა საქართველომ ხობში მათ კანდიდატზე თავდასხმაზეც გაავრცელა გუშინ ინფორმაცია. მათი ცნობით, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ჭანტურიასა და მამამისს ჯემა ჭანტურია უცნობი პირები დაესხნენ თავს. ევროპული საქართველოს ხობის მაჟორიტარ კანდიდატზე თავდასხმა შს სამინისტრომ ]უარყო, თუმცა, პარტიის პლაკატების ჩამოხევის ფაქტი დაადასტურა.





