ბლოგი

ანაცვლებს თუ არა გართობა ტრადიციულ ჟურნალისტიკას facebook-ის გავლენით

რატომ ხედავთ თქვენს ნიუსფიდზე ამდენ გასართობ მასალას და რატომ გაცხოვრებთ facebook საკუთარ ბუშტში

ეს ჟურნალისტიკა აღარ არის, რა თემებზე წერთ, ასე უცბად როგორ გადაკეთდით გასართობად გამოცემად? - დღეს მომხმარებლები ამ და მსგავს პრეტენზიებს ყველაზე რესპექტაბელური და გავლენიანი მედიაგამოცემების facebook თუ ვებ გვერდებზე ტოვებენ. მკითხველი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გემოვნებასა და ხარისხს შეაჩვიეს, იმედგაცრუებას გრძნობს.

მაგალითად, ისტორია თუ როგორ აჭამეს ხანძარს გადარჩენილი გოჭები მეხანძრეებს მადლიერების ნიშნად, ცოტა ხნის წინ ისეთმა გამოცემებმა გააშუქეს, როგორიც Washington Post და BBC-ია. მკითხველი აღშფოთდა და უკმაყოფილება გამოხატა.

ასეთ შენიშვნებს ბოლო დროს ტაბულაც იღებს. წლების განმავლობაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკაზე, რელიგიის თავისუფლებასა და მეცნიერებაზე ორიენტირებულ ტაბულას, პრიორიტეტების გაფართოება და გასართობი ნაწილისთვის დიდი ყურადღების დათმობა უწევს. ჩვენნაირი მედია ამით ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ გამოწვევას პასუხობს - სოციალური მედიის ალგორითმსა და მომხმარებლის ინტერესებს.

Facebook-ის გვერდზე ტრადიციულად განწყობილი მკითხველის პრეტენზიები სინამდვილეში თანამედროვე მედიის ერთ-ერთ მთავარ თავსატეხს ეხმიანება. ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გატარებულმა ერთმა წელმა მაჩვენა, რომ ტრადიციული გამოცემების რედაქტორები facebook-ს მტრად აღიქვამენ - ამაზე დიდხანს და გულანთებული საუბრობენ. მარკ ზაკერბერგის ოფიციალურად ნეიტრალური პლატფორმა დღეს მედიას თამაშის თავის წესებს უდგენს. ვინც ამ თამაშის წესებს ვერ აყვება, ის ვერც საკმარის მომხმარებელს მიიზიდავს, შესაბამისად ვერც საკმარის რეკლამას და თავსაც ვერ დაიფინანსებს.

რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი facebook და მათი ალგორითმი?

დღეს, აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა ახალ ამბებს სოციალური ქსელებში(ც), უმეტესად, facebook-ზე კითხულობს/ნახულობს. ეს ტენდენცია საქართველოშიც ძლიერია - ასეთი ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაშიც ყოველწლიურად იზრდება. ეს დიდი გამოწვევაა ონლაინ მედიისთვის, რადგან განსაკუთრებით დაინტერესებული ან ერთგული მკითხველის გარდა დღეს პირდაპირ ვებგვერდებს იშვიათად თუ სტუმრობენ. მკითხველი გამოცემის ვებგვერდზე facebook-ის გავლით ხვდება. საერთოდაც, მომხმარებლების დიდი ნაწილი ხშირად მხოლოდ სათაურს თუ კითხულობს და ისე აზიარებს მასალას. ტრადიციული მედიისთვის ეს საგანთა წესრიგის რღვევაა.  

მკითხველსა და გამოცემის ვებგვერდს შორის “გაჩხერილი” facebook კი საკუთარი ალგორითმის მიხედვით წყვეტს, ვის გამოუჩინოს ან დაუმალოს ახალი სტატია თუ ვიდეო.

სწორედ ეს ბუნდოვანი ალგორითმია მედიის თავის ტკივილი.

ალბათ შეგიმჩნებიათ, რომ თქვენს ნიუსფიდზე მეგობრების თუ მოწონებული გვერდების პოსტები ქრონოლოგიურად არ ლაგდება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, თქვენმა მეგობრებმა, მოწონებულმა გვერდებმა და ჯგუფებმა, რომელშიც გაწევრიანებული ხართ, სულ 1500 პოსტი “გამოიმუშავეს”. ალგორითმი ამას აუცილებლად გადაალაგებს, სხვადასხვა ცვლადებზე დაყრდნობით გაცხრილავს და ისე მოგაწვდით, როგორც ჩათვლის, რომ თქვენთვის უფრო საინტერესოა. შედეგად კი 1500 პოსტიდან შერჩეული ალბათ სულ 100 პოსტი გრჩებათ თვალწინ.

ალგორითმი ცდილობს მომხმარებელს მოერგოს, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ის თავად უზიარებს სოციალურ ქსელს, ანუ რასაც იწონებთ, აზიარებთ და ა.შ. ცდილობს, იწინასწარმეტყველოს ახლა ან მომავალში რა დაგაინტერესებთ. ცხადია, facebook-ის მიზანი თქვენი მხრიდან მეტი ჩართულობის მიღწევაა, რისი კაპიტალიზებაც სხვადასხვა ფორმით ხდება.

Facebook-ის ყველაზე დიდი ცბიერება, ალგორითმის სწრაფი ცვლილებაა. როცა მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა პერსონალური ამბების დაწერა შეწყვიტა, facebook-მა ასეთი პოსტების წახალისება დაიწყო, სხვა ტიპის პოსტები, მათ შორის მედიის მიერ გამოქვეყნებული პოსტები კი მეტად დამალა. ამ დროს ისეთმა გამოცემებმა როგორიც, Buzzfeed ან Huffington Post, ზარალი ნახეს. როცა მარკ ზაკერბერგის კომპანიამ ვიდეოების წინ წამოწევა გადაწყვიტა, მრავალ გამოცემას ცალკე ვიდეოების დეპარტამენტის შექმნა და ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწია. ახლა ალგორითმი უკვე მათ სჯის, ვინც ზედმეტად ბევრს ან არასწორ ინფორმაციას პოსტავს. ცოტა ხნის წინ რუსული კვალიც იპოვეს ყალბი ამბების გავრცელებაში. ეს ყველაფერი დრამატულ გავლენას არამარტო დამწყებ, არამედ ყველაზე გავლენიან მედიებზეც კი ახდენს.

როგორ უნდა უპასუხოს მედიამ ამ გამოწვევებს?

facebook-ის ალგორითმმა და სოციალური ქსელების სპეციფიკამ არამარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ მისი შექმნის ფორმაც შეცვალა. დღეს ყველაზე ცნობილ ჟურნალისტებსაც კი უწევთ იმაზე ფიქრი, ვის გამოუჩენს ალგორითმი მათ ნაშრომს. იქნებ სჯობდეს ვიდეოს სახით მიაწოდოს ინფორმაცია? ეგება სიის სახით. ცალკეა სათაური - გვინდა, თუ არ გვინდა, სტატიის სათაური ნახევარი საქმეა. მედიაში ფიქრობენ იმაზეც  რამდენ ხანს შეჩერდება მათ მასალაზე მკითხველი და რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ დროს. შემაფარხებელი ბევრი რამაა - ახალი ნოტიფიკაციიდან დაწყებული მეგობრის მოწერილი წერილით დასრულებული. 7-10 წამი. ამის შემდეგ შესაძლოა მომხმარებელი გაგექცეს და რომელიმე ცხოველის ვიდეოზე გადაერთოს.

Facebook საკუთარ ბუშტშიც გვაცხოვრებს, რადგან ალგორითმი თქვენს გემოვნებას და ინტერესებს პასუხობს. პოლიტიკური ნიუსიც და გასართობი მასალებიც სწორედ ამის მიხედვით ლაგდება. თუკი არ მოგწონთ რა ტიპის ნიუსებსაც ხედავთ, დაფიქრდით, იმის ბრალიც ხომ არაა, რომ სინამდვილეში კითხულობთ, აზიარებთ და ინტერაქციაში შედიხართ სწორედ ასეთ პოსტებთან. თუ ზედმეტად ახირებული არ ხართ და უბრალოდ წუწუნი არ გჩვევიათ, გვერდზე გაიხედეთ და სერიოზულ ინფორმაციასა თუ ანალიზს მარტივად იპოვით. რაც უფრო ხშირად გააზიარებთ ან მოიწონებთ ასეთ მასალებს, ისინი, მაღალი ალბათობით, მეტად გამოგიჩნდებათ.

ჩემი მიზანი არაა ასეთი მომხმარებლის კრიტიკა. საკუთარ ნიუსფიდზე მეც ბევრ გასართობ მასალას ვხედავ და ამაში ცუდი არაფერია. დიახ, ხანდახან უბრალოდ ვისვენებთ, ვიცინით და ვერთობით. უბრალოდ, ხანძარს გადარჩენილ გოჭებზე, ფეხბურთელების მასაჟისტებსა თუ რომელიმე ჰოლივუდელი ვარსკვლავის სახლის ფოტოებზე მომზადებული სტატიების სიმრავლე, სულაც არ ნიშნავს, რომ სერიოზული მასალები აღარ იქმნება ან აღარავის აინტერესებს. ამ მიმართულებაზე ორიენტირება არც იმის მანიშნებელია, რომ მედია შეიშალა და ძალაუფლების მქონეთა კონტროლსა და დაბალანსებაზე უარი თქვა.

თუმცა, მას გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს და თავს ამ გზითაც იფინანსებს. ტაბულას გამოცდილებაც მარწმუნებს - ჩვენდა სამწუხაროდ, კორუფციაზე ან კონფლიქტებზე მომზადებულ მასალებს გაცილებით ნაკლები ნახვა აქვს, ვიდრე უწყინარი ლეკვების ფოტოებს. მეტი ნახვა კი მეტ რეკლამას, შესაბამისად მეტ შემოსავალს უტოლდება. ამით მედია თავსაც ინახავს და მათაც, ვინც ნაკლებად რეიტინგულ, თუმცა მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებზე მუშაობს.

ცხადია, გასართობი მასალა სარედაქციო გადაწყვეტილების ფილტრს გადის. მაგალითად, ტაბულას გვერდზე ვერ მოხვდება მასალა, თუ ფაშისტურ-მავნებლურია. ის უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილებიდან რომელიმე კრიტერიუმს მაინც - იყოს შემეცნებითი, სტერეოტიპების წინააღმდეგ ან უბრალოდ უწყინარი გასართობი.

მიუხედავად იმისა, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სოციალური ქსელების ეფექტის მიმართ, ფაქტია, რომ ცვლილებები მედიებსა და ბიზნესმოდელებზე გავლენას ახდენენ და ყველაზე ტრადიციულ გამოცემებსაც საზრუნავს უჩენენ. ზოგიერთი გამოწვევა მედიისთვის უდავოდ უსიამოვნოა და მისგან სწრაფ ადაპტირებას მოითხოვს. გამონაკლისი ვერც ქართული მედია იქნება და ვერც ტაბულა, ზოგადად, ნებისმიერი მედია, რომელსაც გავლენის ზრდა სურს, ტექნოლოგიური განვითარებისა და სოციალური ქსელების პირობებში.  

მრავალისთვის უსიამოვნოა, თუმცა, მე მათ შორის ვარ, ვინც ცვლილებებს მეტი ენთუზიაზმითა და ნაკლები წუწუნით ხვდება. ცვლილებები იოლი თითქმის არასდროს არის, მაგრამ ისინი შესაძლებლობების ახალ სივრცეებს გვიხსნიან და იმხელა აუდიტორიაზე წვდომას გვთავაზობენ, ყველაზე ტრადიციული გამოცემები და ყველაზე გაბრაზებული რედაქტორებიც კი აფასებენ. სახალისო ამბით ვებზე შემოტყუებულს, ეგება, სერიოზული ამბავიც წავაკითხოთ. ჩვენი ნაკლებად სერიოზული პოსტის აქტიურად დამლაიქებელს ან რაიმე სახით ინტერაქციაში შემოსულს კი, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პოსტებითაც მივწვდეთ.

არც ერთ შემთხვევაში, მედიის მხრიდან საფრთხეების იგნორირებას არ ვემხრობი. ცვლილებები სწრაფი, რისკები კი მაღალია. თუმცა, ხარისხიანი “მოდარაჯე“ ჟურნალისტიკა ახლაც ისევე არ მოკვდება, როგორც არ მომკვდარა ტელევიზიის გაჩენასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი წინასწარმეტყველებდა და რეიტინგულ კომერციულ ტელერხებზეც ათწლეულებია სწორედ გასართობი მასალები დომინირებს.
 

კომენტარები