საქართველოს მოქალაქეობა

აბაშიშვილი: მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, მიდგომები უნდა დაიხვეწოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხზე იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეობის მინიჭების პროცესში საზოგადოების წევრები ჩაერთონ.

,,მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. რაც შეეხება თვითონ მიდგომების დახვეწას, ცხადია, კონსტიტუციის ფარგლებში, კრიტერიუმები შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დაზუსტდეს.

იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ პირს საგამონაკლისო წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მას სჭირდება და მისთვის სასურველია საზოგადოების წევრების აზრიც.

ამჯერადაც არსებობს კომისია 4 წევრის შემადგენლობით - საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ პროცესში, რეკომენდაციებისა, თუ მოსაზრებების შემუშავების პროცესში, აუცილებელია, საზოგადოების წევრების ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმითვე, დღითიდღე იზრდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც სურთ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღონ.

"1 სექტემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება საკმაოდ ლიბერალურ ხასიათს ატარებდა. ახალი რეალობიდან გამომდინარე, როცა საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება, საჭიროა, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, მიდგომების დახვეწა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები