პრემიერი: კახი ჩვენი პარტიის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერია

gov.ge

გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატად ვიცეპრემიერი კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. პრემიერის თქმით, კახა კალაძე არა მარტო პარტიის გამორჩეული ლიდერი, არამედ საზოგადოების გამორჩეული წევრია.

"დღეს უკვე ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე - კახი კალაძე. კახი გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, არამედ ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების ერთერთი ყველაზე გამორჩეული წევრი", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძე ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ერგულებით და არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის.

"სადაც იყო კახი კალაძე იქ ყოველთვის იყო გამარჯვება, იქ ყოველთვის იყო წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით. ის არის ენერგიული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ძალიან კარგი მეოჯახე. მას არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

თბილისის მერობის კანდიდატად - ვიცეპრემიერ კალაძის არჩევას პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ სხვა კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის - ზაალ უდუმაშვილია.

სხვა თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატები პარტიებს ჯერ არ დაუსახელებიათ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა კახა კალაძე მთაწმინდის პარკში წარადგინა.

კომენტარები