კაპანაძე: ვინ მოვიდა და ვის მიაქვს მიწები, რომ ამხელა ამბავი შექმენით აქედან

პარლამენტში გრძელდება პირველი მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება. მმართველი გუნდის ინიციატივა სხდომაზე გააკრიტიკა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.

"თუ მართლა ასეთი დიდი საფრთხე ემუქრება ქართულ მიწას, როგორც თქვენ ამბობთ, იქნებ აღგვიწეროთ რა საფრთხეა და საიდან მოდის. არცერთი ციფრი არ გითქვამთ. რომელიც მართლა ამ საფრთხეს აჩვენებდა. ერთნიშნა პროცენტია, რომელიც აჩვენებს, თუ რა რაოდენობის მიწებია უცხოელების მფლობელობაში. არანაირი საფრთხე რეალურად არ არსებობს და არც არასდროს არ ყოფილა. მეტსაც გეტყვით, იმ ერთნიშნა პროცენტში 2/3 არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ქართულ მიწას ფლობენ, რომლებსაც თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. წეღან ამბობდა აქ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი. იმათზე არ გაქვთ პრობლემა, ხო? ანუ მცირეა რაოდენობა მიწისა, რასაც უცხოელები ფლობენ, მათში არიან კიდევ ის კომპანიები, რომლებზეც ამბობთ, რომ კარგია, რომ ისინი ფლობენ და მათ არ შეეხებით.

აბა, საიდან არის საფრთხე, ვინ მოვიდა და ვის მიაქვს ის მიწები ასეთი, რომ ამხელა ამბავი შექმენით აქედან. მსოფლიოში ერთი მაგალითი მაინც იცით, რომ სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა? ასეთი პოპულიზმი, ასეთი ტყუილი და ადამიანის ემოციებზე თამაში მართლა ენით აღუწერელი და წარმოუდგენელია.

რომ ამბობთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა არის საფრთხეო? არასასოფლოსი არ არის საფრთხე? თუ ასეა ამბავი, რომ არიქა, უცხოელები მოდიან და ჩვენი მიწები მიაქვთ და დავრჩებით, არასასოფლო-სამეურნეო რომ წაიღონ? ისიც აკრძალეთ მაშინ. სასარგებლო წიაღისეული? მიწა თუა ძვირფასი, იმ მიწაში რაც არის, არ არის ძვირფასი? ოქრო, მარგანეცი ან ნავთობი. მაშინ ისიც აკრძალეთ. რა ლოგიკაა, არ მესმის. ეს ტყუილების კორიანტელი არის უბრალოდ მარტივი, იაფი პოპულიზმი. ამის უკან არ დგას არც არანაირი ეკონომიკური გათვლა, არც არანაირი პატრიოტიზმი.

გარდა ამისა, ამდენი იურისტი ბრძანდებით. მართლა თუ საფრთხეს ქმნის უცხოელების მიერ მიწების ფლობა და ვთქვათ, და თეორიაში, რომელიმე პარალელურ სამყაროში გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე, დღეს ასეთი არ ხდება, არ შეგიძლიათ საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ეს მიწა მათ ჩამოართვათ? კანონი ხომ არის. რა თქმა უნდა, იცით ამის შესახებ. უბრალოდ, სპეკულირებთ ადამიანების ემოციით.

გრძელვადიანი იჯარით გავცემთო. ამ შემთხვევაში არ შეექმნება უსაფრთხოებას საფრთხე? თუ განსხვავებაა 50-წლიან იჯარას და მფლობელობას შორის?

ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, ინვესტიციები გაიზრდება? ამოცანა ხომ ის უნდა იყოს, რომ მეტი ფული შემოვიდეს ქვეყანაში? იმიტომ კი არა, რომ უცხოური ფულია. იმიტომ, რომ ვალუტა გვიმყარდება, იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება", - მიმართა დეპუტატებს კაპანაძემ.

კომენტარები