შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსთაველის გამზირზე მენაყინე პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს. გუშინ, Facebook-ზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციელები ძალის გამოყენებით ერთ პირს.
"ზებრაზე გადასვლისას, პოლიციის მანქანა გაჩერდა და მივარდნენ ქვეითად მოსიარულე, ნაყინის გამყიდველ მამაკაცს, "გაიმეორე, ბიჭო, რა თქვიო". მოქალაქე რუსულად პასუხობდა, რომ ვერაფერი გაიგო. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პოლიცია ხუმრობდა, სანამ ნაყინის ურიკითურთ გაქცეული მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს" - წერს ნიქო გორგილაძე facebook-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, მენაყინემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და "სრულიად უმიზეზოდ მიმართა უცენზურო სიტყვებით". შსს-ს მტკიცებით, "პოლიციელებმა მოუწოდეს, მოქცეულიყო ისე, როგორც შეესაბამებოდა მოქალაქეს", თუმცა მან გაუწია წინააღმდეგობა. სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ჯარიმის შესახებ სასამართლო იმსჯელებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ისჯება ჯარიმით 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით. ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციული პატიმრობით 90 დღემდე ვადით.




