თვითმკვლელობა

ინტერნეტ-თამაშზე, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს, შსს-მ გამოიძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე, რომელიც არასრულწლოვნებს სუიციდისკენ უბიძგებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა (115-ე) და კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენება (285-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

შსს-ს განცხადებით, "გამოძიების მთავარი ინტერესია იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან".

დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან.

"ამან, შესაძლოა, მოზარდებში თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი" - აღნიშნავს შსს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, 12 წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადახტა, ის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებით წევს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მან საავადმყოფიში მიყვანის შემდეგ თქვა, რომ მიცემულ დავალებებს ასრულებდა. როგორც ირკვევა, მოზარდს გადახტომამდე ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირები ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ. 

ინტერნეტ თამაში, რომლის სახელსაც ტაბულა არ ასახელებს, პირველად 2013 წელს ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. თამაში შედგება მოთამაშეებისა და კურატორებისგან, რომლებიც დავალებებს გასცემენ და თამაშში ახალი მონაწილეები შეჰყავთ. კურატორები მონაწილეებს დავალებებს აძლევენ, დავალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის, თუმცა, ისინი თანდათანობით რთულდება და ზოგიერთ მოთამაშეს მასზე დამოკიდებულება უყალიბდება. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე დავალება - ზოგჯერ თვითმკვლელობა.

თამაშს ყველაზე მეტი მსხვერპლი რუსეთში ჰყავს, Novaya Gazeta-ს ინფორმაციით, მას 100-ზე მეტი თვითმკვლელობა მოჰყვა. RT-ის ინფორმაციით კი, რუსეთი ამ და მსგავსი თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებებს დუმამ მხარი 26 მაისს დაუჭირა. თამაშს მსხვერპლი მოჰყვა კენიაში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებშიც. ABC-ის ინფორმაციით, 2017 წლის 25 მაისს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსის სკოლებმა, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, თამაშის მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით მშობლების ინფორმირება დაიწყეს. 

თამაში ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძლება წარიმართოს. მოთამაშეს Facebook-ის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძლება დაუკავშირდეს კურატორი და თამაში შესთავაზოს.

კომენტარები