საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტეში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ეგვიპტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების, სალოცავად მიმავალი ქრისტიანების სიცოცხლე შეეწირა. ორმაგად შემაშფოთებელია, რომ დამნაშავეების მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ეგვიპტის მთავრობას, ხალხს და ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით თანავუგრძნობ მათ", - წერია პრემიერის განცახებაში.
ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი ერთმა ადამიანმა გაუხსნა.
თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან 220 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსი წმიდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ თვეებში, ეგვიპტეში, კოპტ ქრისტიანებზე მომხდარი თავდასხმების უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა.





