ოკუპირებული აფხაზეთი

ჯანელიძე: ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არასდროს აღიარებენ

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

"ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გზით ცდილობს, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ საზოგადოებაში გააჩინოს არარეალური მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ოდესმე იქნებიან აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ეს არასდროს მოხდება, რადგანაც საქართველოს მთავრობას აქვს შესაბამისი ქმედებები განხორციელებული და ახორციელებს შესაბამის ნაბიჯებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული.

ამის დასტურია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია ვერასდროს ვერ შეცვლის ამ რეალობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა დაფიქრდეს, გაიაზროს და კარგად გააანალიზოს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთან რეინტეგრაციის, შერიგების პროცესს და ერთიან ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების მნიშვნელობას", -  თქვა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები