ანტიდასავლური პროპაგანდა

MDF: წინა წლებთან შედარებით, NATO-ს წინააღმდეგ მიმართული გზავნილების რიცხვი გაიზარდა

"ანტიდასავლური პროპაგანდა" - ასე ეწოდება მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაციაა მიმოხილული. კვლევის მიხედვით, გზავნილები როგორც მედია საშუალებებით, ასევე, პოლიტიკური კლასის, სასულიერო პირების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების საშუალებით ვრცელდება. 

MDF-ის კვლევის მიხედვით, წინა პერიოდის (2014-2015) მსგავსად, ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი (32,7%) კვლავ იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. 

ასევე, კვლევის მიხედვით, დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, ინცესტს, პედოფილიას, ზოოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვიმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობასა და ოჯახის ინსტიტუტს. კვლევაში გამოიკვეთა შემთხვევები, როცა მართლმადიდებელი რუსეთი დასავლეთის საპირწონედ იყო წარმოდგენილი. 

როგორც MDF წერს, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია NATO-ს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები (20,1%). გარდა ამისა, მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, დაკარგვას გამოიწვევდა. 

კვლევის მიხედვით, დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები 20%-ს, ამერიკის შეერთებული შტატების - 13,5%-ს, ევროკავშირის - 8,9%-ს, ხოლო ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 4,9%-ს მოიცავდა. 

ამას გარდა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ უცხოეთიდან არასამთავრობი ორგანიზაციების დაფინანსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ ხდებოდა მოწოდებები. ასეთ დროს რუსეთს სამაგალითოდ მიიჩნევდნენ. 

MDF-მა ანტიდასავლური მედიები ორ ჯგუფად გამოყო - ერთი მხრივ, ღიად კრემლისტური გამოცემები ("საქართველო და მსოფლიო", "საქინფორმი", "Politicano"), ხოლო, მეორე მხრივ, ანტილიბერალური, ეთნონაციონალისტური პლატფორმები (ტვ "ობიექტივი", "ასავალ-დასავალი", "ალია). კვლევა ამბობს, რომ მათი გზავნილები იდენტურია. 

კვლევის მიხედვით, მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" ჰიბრიდულ გაერთიანებას წარმოადგენდა, რადგან 2016 წელს მასში შემავალი სუბიექტები ხელისუფლების ოფიციალურად გაცხადებულ პროდასავლურ კურსთან წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებდნენ. კვლევაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა და ქართული ოცნების გზავნილები NATO-ს წინააღმდეგ, როგორც რაოდენობრივად, ასევე, თვისებრივად, იდენტურია. 

კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა. 

კომენტარები