თურქეთის რეფერენდუმი

ერდოღანი სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ისტორიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შედეგი ყველასთვის სასარგებლო იქნება.

"იმედი მაქვს, რეფერენდუმის შედეგი სარგებელს მოუტანს თურქეთს. ყველა მოქალაქეს მადლობას ვუხდი ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რას მისცა ხმა. რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ჩვენი ხალხი იცავს თავის ქვეყანას და თავის მომავალს. დღევანდელი გადაწყვეტილება ისტორიულია. ხალხის დახმარებით ჩვენ განვახორციელებთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს რეფორმებს. ჩვენ ისტორიაში პირველად ვცვლით მმართველობის სისტემას. მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას მისცა ხმა - ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა მხარეს მოვუწოდებ ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ", - თქვა ერდოღანმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ აპირებს სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას.

ხმათა 99.97 %-ის დათვლის შედეგად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51.41 %-მა დაუჭირა, 48.59 % კი ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერმინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას. რეფერენდუმში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელოსუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებაც მიეცემა.

კომენტარები