ცენტრ პოინტის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო არიან კომპანიის მიერ დაზარალებულები. მათ აქცია პროკურატურასთან გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებით მათ ზიანი ვერ აუნაზღაურდებათ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ, შემოიყვანონ ინვესტორი და დაასრულონ ობიექტების მშენებლობა, ან ფული დაუბრუნონ.
დაზარალებულებს პროკურორები შეხვდნენ და ზარალის ანაზღაურების ნაწილში ურჩიეს, ინდივიდუალურად მიმართონ სასამართლოს.
"თითოეული მათგანი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ეს იქნება როგორც მატერიალური, ისე მორალური, ამ კუთხით ვაწვდით ინფორმაციას, რომ სამოქალაქო დონეზე შეუძლიათ, მიიღონ განაჩენი იგივე, ხოლო რაც შეეხება მშენებლობის დასრულებას, ბრალდების მხარე მათ ამ კუთხით პასუხს ვერ გასცემს. რა თქმა უნდა, მათ ამ კუთხით შეუძლიათ, მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით", - თქვა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.





