ტრამპის ამერიკა საზღვარზევე ვიგრძენით. აეროპორტში მესაზღვრესთან ამდენ ხანს არასდროს მისაუბრია - ბევრი კითხვა დამისვა. ჩემი მეგობარი კი, ვისთან ერთადაც ამერიკაში არაერთხელ მიფრენია უპრობლემოდ, საერთოდაც ცოტა ხნით გაუჩინარდა. მივხვდი, რომ შესამოწმებლად წაიყვანეს. გადავწყვიტე, ღელვას არ ავყოლოდი და სწორადაც მოვიქეცი, 15-20 წუთში გამოჩნდა. შესაძლოა, ტრამპის ამერიკა არაფერ შუაშია და ზუსტად იგივე რამდენიმე წლის წინაც შეგვმთხვეოდა. ასეთები 9/11-ის შემდეგ უჩვეულო ნამდვილად არაა, თუმცა, უფრო მძაფრად აღვიქვით. ჩვენ მარტო არ ვართ. ყველა ამერიკელი, რომელსაც შევხვდით, გაფაციცებული ადევნებს თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს. ადგილობრივი ტელევიზიაც კი, რომელსაც ვსტუმრობთ და რომელიც ჩვეულებრივ ამინდსა და კრიმინალს აშუქებს, ნაციონალურ ნიუსს დიდ ყურადღებას უთმობს.
ლიბერალი ჟურნალისტები ტრამპს სრულ ბოროტებად აღიქვამენ. სასაცილოა, მაგრამ პირად საუბრებში მასზე აუცილებლად ხმადაბლა, ლორდ ვოლდემორის სტილში ლაპარაკობენ. პოტერიადას მთავარი ვილანისგან განსხვავებით, ტრამპის სრული სახელი ყველგან ისმის, ის ყველას აინტერესებს, ყველა ვიტრინიდან იყურება და ყველგან მასზე ლაპარაკობენ. მაღაზიაში ტრამპის წიგნის გვერდით ორუელის 1984-ია გამოფენილი, ლიბერალური მედია კი ტრამპის გამოცხადებულ ომს სრული, თუმცა ერთგვარად სასოწარკვეთილი შტურმით პასუხობს.
საქართველოდან ჩამოსულებისთვის ეს ისტერიასაც გავს. ნამდვილად გვინახავს უარესები. თქვენ მეტი გამოცდილება გაქვთ, რა უნდა ვქნათ? - გვკითხეს მედიის წარმომადგენლებმა, ჩვენ მხრებს ვიჩეჩავთ და სიცილით ვუყვებით, რომ ჩვენთან შედარებით არა უშავთ, მათთან შეკავებისა და ბალანსის სისტემა არსებობს, ჩვენთან კი მთავრობაც, პარლამენტიც, სასამართლოც და ლამის უკვე ეკლესიაც ერთი არაფორმალური მმართველის ხელშია მოქცეული, რომელსაც გიგანტური ხეები უყვარს. მცურავი ხის ვიდეოს ნახვის შემდეგ, მგონი, დამშვიდდნენ.
ამერიკაში ოჰაიოს შტატს ვსტუმრობდით. აქ ყველაზე კარგად ჩანს, როგორ და რატომ მოახერხა ტრამპმა ჰილარი კლინტონის დამარცხება. ეს ამერიკა თითქოს მართლა დავიწყებულია - მიტოვებული სახლები, დახურული ქარხნები, კრიმინალის მაღალი დონე და ნარკოკარტელები დიდ უიმედობას ასხივებს. აქ დიდ და პატარა ქალაქებს შორის განსხვავებაც კარგად იგრძნობა. ტრამპი კი სწორედ ამ ადგილების აგუგუნებას დაპირდა ხალხს - „დავიწყებული“ ადამიანების სენტიმენტებით ბოროტად ისარგებლა. არჩევნების შედეგმა ფუნდამენტური პრობლემები არა მხოლოდ ორი პარტიის ისთებლიშმენთში, არამედ მედიაშიც აჩვენა. ეს ყველაფერი კი, პირადად ჩემთვის ყველაზე მკაფიოდ რუსეთის თემაზე გამოჩნდა.
New Yorker-ის ამ ყდას პუტინით და რუსული წარწერით რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გადავაწყდი. მომეწონა, თუმცა, ჩავთვალე, რომ გემოვნებიანი ფაბრიკაცია იყო. თურმე, ნამდვილი ყოფილა. ლამის მთელი ნომერი ვლადიმირ პუტინს და ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩართულობას ეხებოდა. სწორი და ღრმა ანალიზი იყო.
New Yorker ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამოცემაა, თუმცა, საგარეო პოლიტიკაზე და განსაკუთრებით რუსეთზე მის ხედვას არასოდეს ვეთანხმებოდი. შარშან რამზად კადიროვზე სტატია გამოაქვეყნეს, რომლის მოკლე შეფასებაც ერთ-ერთი საგნისთვის უნდა დამეწერა კოლუმბიის უნივერსიტეტში. დამამახსოვრდა, რადგან აღშფოთებული ვიყავი. გარდა იმისა, რომ ამ სტატიაში გაურკვეველი და ხელოვნური ბალანსის დაცვას ცდილობდნენ, კადიროვის პერსონა და მისი ურთიერთობა პუტინთან უცნაურად რომანტიკურ საბურველში იყო გახვეული. პუტინის მიერ ჩეჩნეთში ჩადენილი ბევრი ბოროტებაც გაცილებით მსუბუქად იყო გადმოცემული. საგანს ამ ჟურნალის რედაქტორი მასწავლიდა, მახსოვს, კლასში ვიკამათეთ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში რუსეთი დიდად არ უყვართ, პუტინის დანაშაულებებზე ჯერ კიდევ შარშან ბევრთან მომიწია დავა. ნიუ-იორკელი ლიბერალებისთვის ობამას საგარეო პოლიტიკის კრიტიკა მიუღებელი იყო.
ახლა კი, ამ დროიდან ერთ წელზე ნაკლებ ხანში, რუსეთის თემაზე დამოკიდებულება რადიკალურადაა შეცვლილი. CNN-ზე მუდმივად ტრამპისა და მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ ჟურნალ-გაზეთების ყდებზეც რუსეთის თემაზე მყვირალა სათაურებია. იწერება ბევრი კარგი სტატია, რომელიც ამხელს რუსეთის ნეგატიურ ჩართულობას არა მხოლოდ აშშ-ის არჩევნებში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე არა ერთ პროცესში. უცებ, რუსული პროპაგანდა და მისი ინტერვენციები სხვადასხვა ქვეყნებში დღის წესრიგის მთავარი თემაა, პუტინს კი, არაერთ წარსულ დანაშაულსა და ბოროტებას ახსენებენ. ამაზე ნიშნის მოგებით არ ვწერ, მხოლოდ მახარებს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ გზა ურმის გადაბრუნების შემდეგ გამოჩნდება ხოლმე.
ჩვენთვის შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ დღეს ყველაზე ანტი-პუტინისტი ლიდერი ანგელა მერკელია. მრავალი წლის მანძილზე რუსული მედიითა და ფულით ნაკვები ფაშისტური პარტიები კიახალ ძალას იკრებენ, ევროპის მრავალ ქვეყანაში მათი სერიოზულად აღქმაც დაიწყეს.
ამ პირობებში, ტრამპის არჩევის დადებით შედეგად ამ თემაზე ამერიკული მეინსტრიმ მედიის გამოფხიზლება და კრიტიკული მიდგომა შეიძლება, ჩავთვალოთ, რაც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკურ პროცესებზეც ახდენს გავლენას. მჯერა, მომდევნო კამპანიისას რუსეთის თემა ერთ-ერთი მთავარი იქნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი შეიძლება იყოს.