საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: ტელევიზიაში სახარბიელო ვითარება არაა

2030

"საზოგადეობრივ მაწუყებელში სახარბიელო ვითარება არაა", - ამბობს არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. მაღლაფერიძის თქმითვე, მაუწყებლის განვითარების შესახებ ახალი მენეჯმენტის პოზიცია ორშაბათს გახდება ცნობილი. მაღლაფერიძე ასევე უარყოფს მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხზე გადაცემების დახურვა იგეგმება. 

"აჟიოტაჟი ატეხილია. ეს აჟიოტაჟი არ არის ატეხილი იმის გამო, რომ ვინმე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედზე ზრუნავს. რასაკვირველია, მსგავსი [გადაცემების დახურვა] არაფერი იგეგმება. აღმასრულებელი საბჭო, დირექტორები წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ და ამას წარმოვადგენთ საზოგადოების წინაშე. ტელევიზიაში არ არის სახარბიელო ვითარება. ჩვენ გვინდა, მთლიანად საზოგადოების სამსჯელო გახდეს, დისკუსიის საგანი გახდეს და არ იყოს მხოლოდ ერთი ჯგუფის სამფლობელო და განსასჯელი. აი, ეს იქნება ორშაბათს", - ამბობს მაღლაფერიძე.

3 თებერვალს მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ტელევიზიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა რეალური სივრცის დახურვის შესახებ. კოალიციის ცნობით, ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებისგან არ შედგება, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სხვა შემოსავლების მიღებაც, რაც 2017 წლისთვის 1.5 მილიონითაა განსაზღვრული.

კომენტარები