ფუკუშიმა

ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე რადიაციის დონე რეკორდულად გაიზარდა

ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორი
AP

ფუკუშიმა დაიჩის ბირთვულ რეაქტორზე რადიაციის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. უცნობი მიზეზების გამო გამოსხივების დონე 2011 წლის შემდგომ ჯერ არნახულ მაჩვენებელზე - საათში 530 სივერტზეა. 

ატომური ელექტროსადგურის ოპერატორის, ტოკიო ელექტრიკ ფაუერის (ტეპკო) ცნობით, რადიაციის დონე განსაკუთრებით მაღალი მეორე რეაქტორზეა. ჯამში 2011 წლის 11 მარტის დამანგრეველ ცუნამის სადგურზე არსებული ხუთიდან სამი რეაქტორის შიგთავსის დადნობა მოჰყვა. ტეპკოს შეფასებით, რადიაციის მკვეთრი მატება გამდნარი რეაქტორის კონტეინერში გაჩენილი ხვრელიდან რადიაციული გაზების გაშვებას უკავშირდება.

ტეპკოს ინფორმაციით, რადიაციის მომატებული დონე მხოლოდ რეატქორის შენობაშია, მის გარეთ მყოფთ კი საფრთხე არ ემუქრებათ.

რეაქტორზე დაფიქსირებული რადიაციის გაფრქვევის წინა მაქსიმუმი - საათში 73 სივერტს შეადგენდა. რადიაციის მომატებული დონე ტეპკოსთვის სადგურის უსაფრთხო ჩამოწერას აფერხებს. 

ერთჯერადად, ერთი საათის მანძილზე მიღებული 1 სივერტის დასხივება რადიაციული დაავადების გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, საათში 5 სივერტის დასხივება კი ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს, საათში 10 სივერტის დასხივება კი უმეტეს შემთხვევაში ფატალურია. 

ტეპკო მაღალი გამოსხივების გამო რეაქტორის ტერიტორიაზე რობოტების გამოყენებით მუშაობს. კომპანია ამ დროისთვის რობოტების მიერ გადაღებული ფოტომასალის გაანალიზებას ცდილობს.

ტეპკოს რობოტს რეაქტორის ტერიტორიაზე მუშაობა მაქსიმუმ 2 საათის მანძილზე შეუძლია, რის შემდეგაც ის მაღალი რადიაციის გამო მწყობრიდან გამოდის. 

მიწისძვირსა და ცუნამის დარტყმის შემდეგ ფუკუშიმას სადგურის სამი რეაქტორი უკონტროლო გახდა, მწყობრიდან გამოვიდა გრაფიტის შემაკავებლები, რომლებსაც ატომურ ელექტროსადგურებზე ჯაჭვური რეაქციის შესაჩერებლად იყენებენ, რასაც რეაქტორის გადახურება და გადნობა მოჰყვა. 

ამავე კვირაში ტეპკომ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც რეაქტორის ქვემოთ შავი ნაღვენთი მეტალია ასახული, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება რეაქტორიდან გამოჟონილი ურანი იყოს.

2016 წლის დეკემბერში იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ კატასტროფის შედეგების აღმოფხვრა 2013 წელს გაკეთებულ შეფასებასთან შედარებით ძვირი დაჯდება. პროცესს დაახლოებით $160 მილიარდი დოლარი და 40 წელი დასჭირდება.

კომენტარები