გია ჟორჟოლიანის ინიციატივა

ჟორჟოლიანი: მთავრობა არ უნდა იყოს შეზღუდული ფისკალური პოლიტიკის გატარებაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის, გია ჟორჟოლიანის თქმით, მან უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ახალი გადასახადის ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს და მთავრობა, პარლამენტი არ უნდა იყოს შეზღუდული ფისკალური პოლიტიკის გატარებაში, არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, იმ მიმართულებით აქცენტების გადატანაში, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და განვითარებაში მთავარი როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ", - ამბობს ჟორჟოლიანი.

ტაბულას კითხვას, თუ რით ასაბუთებს ამ ჩანაწერის არაკონსტიტუციურობას, გია ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ 55 ქვეყნის კონსტიტუცია განიხილა და მსგავსი ჩანაწერი არსად არსებობს. 

"55 ქვეყნის კონსტიტუცია განვიხილეთ და არსად ეგეთი შემთხვევა არ არის. ეგ და თავისუფლების აქტი როდესაც იქნა მიღებული, ვისაც არ ველაპარაკე, განსაკუთრებით ევროპელებს (ეს იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც სახელს ირქმევენ ევროპელებისა), ეგეთი ანტიევროპული ჩანაწერი არ არსებობს არც კანონმდებლობაში, არც კონსტიტუციაში, არცერთი ევროპის ქვეყანაში და, ცხადია, რომ ესენი გაოცებულები და გაკვირვებულები იყვნენ, რაღად გინდათ მაშინ პარლამენტი?" - განმარტავს გია ჟორჟოლიანი.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის.

ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისუფლების აქტს გააუქმებს, ამას სავარაუდოდ გადასახადების ზრდა მოჰყვება.

კომენტარები