მძღოლების აქცია

ჭიაბერაშვილი: ხალხს ცხოვრება გაუძვირეს და აქციის გამო მართვის მოწმობებს ართმევენ

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, იმ მძღოლებს, რომლებმაც გასული წლის 10 დეკემბერს აქცია გამართეს, მართვის მოწმობებს ართმევენ.

„პრობლემა არის არამხოლოდ ის, რომ გაძვირდა ბენზინი და დიზელი, გაზი, როგორც საწვავი. ასევე გაძვირდა მანქანები და, ბუნებრივია, ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანქანების შემოყვანასა და იმპორტზე მუშაობდა, დაკარგა შემოსავალი. დღეს უკვე პრობლემა გახდა ისიც, რომ ვინც ამის გამო მოაწყო პროტესტი, მათ სჯიან და ართმევენ მართვის მოწმობებს. მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირეს და თუ ვინმე ხმას ამოიღებს და პროტესტს გამოთქვამს ამის გამო მთავრობის წინააღმდეგ, დამატებით ურთულებენ ცხოვრებას. მართვის მოწმობების წართმევა ამ ადამიანებისთვის არის მათი დამატებითი შემოსავლის შეზღუდვაც. მთავრობას ეშინია საპროტესტო ტალღის. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს დაანებოს თავი“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მძღოლების ინფორმაციით, 10 დეკემბრის აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ პოლიციაში დაიბარეს და ახსნა-განმარტებები დააწერინეს, სამ მათგანს კი მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის სამმა მონაწილემ უკანონოდ გადაკეტა რუსთაველის გამზირი, შეაფერხა მოძრაობა, რის გამოც მათ მართვის მოწმობები ერთი წლით შეუჩერდათ.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე აქციზის ზრდა მოქალაქეებმა 2016 წლის 10 დეკემბერს თბილისსა და ქუთაისში, მსვლელობით გააპროტესტეს. 

კომენტარები