მძღოლების აქცია

კალაძე: სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო გამოსვლები მართული პროცესია

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის შეფასებით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო გამოსვლები მართული პროცესია. დღევანდელ სხდომაზე მან თქვა, რომ "ასეთ დადგმულ შოუში" მონაწილეობას არ აპირებს.

"გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ. მე ამ ადამიანებთან ორჯერ მქონდა შეხვედრა - პირველად ქალაქ რუსთავში, როცა ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი და მათი თხოვნის საფუძველზე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას შევახვედრე, თუმცა, როგორც მაცნობეს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეორედ კი - ენერგეტიკის სამინისტროში შევხვდი და შესაბამისმა სამსახურებმა კანცელარიაში ჩაუნიშნეს შეხვედრა. იყო განხილვა, როცა ამ ადამიანებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს, გადმოვიდნენ ჩემს პირად შეურაცხყოფაზე, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე ადამიანურად ვეცადე დავხმარებოდი მათ. გუშინ კი რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადება მოვისმინე და ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა - ესაა მართული პროცესი და ამ დადგმულ შოუში ჩარევას ნამდვილად არ ვაპირებ", - თქვა კალაძემ.

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მძღოლების საპროტესტო აქციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის წარმომადგენლების მიერაა მართული და პროცესები უკვე პოლიტიკურ ჭრილშია გადასული.

რუსთავის თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები ტენდერის შედეგს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელმაც ტენდერი მოიგო, კახა კალაძესთან აქვს კავშირი.

მძღოლებმა გუშინ საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს პრემიერთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება სთხოვეს.

კომენტარები