დევნილები

სამინისტროს სამუშაო დოკუმენტით, ათასობით დევნილისთვის დახმარების მოხსნა იგეგმება

ტაბულა

დევნილთა სამინისტრომ დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი მოამზადა, სადაც განხილულია რამდენიმე ალტერნატივა თუ როგორი უნდა იყოს დევნილთა შემწეობის გაცემის ახალი წესი. პროექტის მიხედვით ოჯახებს, რომელთა წევრსაც 165 ლარზე მაღალი შემოსავალი აქვს დევნილის 45 ლარიანი შემწეობა გაუქმდებათ.

სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი ყოველთვიური შემოსავლის ოთხ შესაძლო საფეხურს მოიცავს. პირველი საფეხური თვეში 165 ლარიანი შემოსავალია, ამ ლიმიტის დაწესების შემთხვევაში 26 ათასი დევნილს შემწეობა გაუქმდება, რაც 14 მილიონის "დაზოგვას" გამოიწვევს. მეორე საფეხური 400 ლარიანი ლიმიტია, რითიც 18.6 ათას დევნილს უუქმდება შემწეობა და 10 მილიონი ლარი იზოგება. 

ყოველთვიური შემოსავლის ოთხი შესაძლო ლიმიტი ასე გამოიყურება:

  1. სულზე 165 ლარზე მეტი - 26 ათასი დევნილი - დაზოგილი თანხა 14 მლნ.
  2. სულზე 400 ლარზე მეტი - 18.6 ათასი დევნილი - დაზოგილი თანხა 10 მლნ.
  3. სულზე 700 ლარზე მეტი - 11.2 ათასი დევნილი - დაზოგილი თანხა 6 მლნ.
  4. სულზე 1000 ლარზე მეტი - 6 ათასი დევნილი - დაზოგილი თანხა 3 მლნ.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირებს, რომელთა თვიური შემოსავალიც 1250 ლარზე მეტია 45 ლარიანი შემწეობის მიღების უფლება არ აქვთ. ეს ნორმა ძალაში 2014 წელს შევიდა. ამ მაჩვენებლის 165 ლარამდე დაწევა სავარაუდოდ მრავალი დევნილი ოჯახის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება, რასაც ამ ჯგუფის პროტესტი შეიძლება მოჰყვეს და ის მოქმედი ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მძიმედ გადასადგმელი ნაბიჯი აღმოჩნდეს. დოკუმენტში არაა განმარტებული თუ რა ზღვარს უჭერს თავად სამინისტრო მხარს ეს - 165, 400, 700 თუ 1000 ლარია. 

სამინისტროს განმარტებით, საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა პროექტის მიზანს არ წარმოადგენს გამოთავისუფლებული თანხა კი დევნილებისთვის საცხოვრებლის შეძენას მოხმარდება.

სტატისტიკური მონაცემები დევნილების შესახებ:

2016 დეკემბრის მდგომარეობით დევნილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 273,944 დევნილი, რაც შეადგენს 88,542 ოჯახს. 

2016 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული დევნილების 83% იღებს დევნილთა ყოველთვიურ შემწეობას და დევნილების 11% არის მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციარი. დევნილების 14.2% იღებს ასაკობრივ პენსიას და დაახლოებით 9000 დევნილი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილების მხოლოდ 39%-ია დაკმაყოფილებული ამჟამად გრძელვადიანი განსახლების პროგრამით და 73%-ს აქვს დარეგისტრირებული საცხოვრებელი საკუთრებაში. არადევნილ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 95%-ია. 

კიდევ ერთი ალტერნატივა მეორე თაობის დევნილებისთვის დახმარების მოხსნაა:

არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა შემწეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, ვინც უშუალოდ განიცადეს დევნა. დანარჩენებს (ანუ „მეორე თაობის“ დევნილებს) შემწეობა შეუწყდეთ.

სამინისტროს სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ამ მოდელის "უპირატესობები" ასე გამოიყურება:

  1. "დევნილთა ოჯახების ყველა წევრს არ შეუწყდება დევნილის შემწეობა - მხოლოდ მეორე თაობის დევნილებს შეეხება რეფორმა და ამის გამო ნაკლებად მტკივნეული იქნება სოციალური თვალსაზრისით;
  2. დევნილის შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად 5000 ადამიანით აღარ მოიმატებს. გარდა ამისა, წლიურად ისედაც აკლდება დაახლოებით 2000 პირი გარდაცვალების გამო.

ამჟამად იმ დევნილთა რაოდენობა, რომელთაც უშუალოდ დევნა არ განუცდიათ, არის დაახლოებით 89,000. მათგან დევნილის შემწეობას იღებს დაახლოებით 75,000 პირი, რაშიც წლიურად იხარჯება საშუალოდ 40,000,000 ლარი. ამ კატეგორიის დევნილებისთვის შემწეობის გაუქმების შემთხვევაში მათგან 20,000-მდე დევნილს შეეძლება გადავიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემაში, რის შემთხვევაშიც მათზე დაიხარჯება დაახლოებით 6,000,000 ლარი. ჯამში წლიურად დაიზოგება დაახლოებით 34,000,000 ლარი", - წერია დოკუმენტში.

კიდევ ერთი ალტერნატივა ბინით დაკმაყოფილებული დევნილებისთვის დახმარების მოხსნაა:

სამინისტროს სამუშაო დოკუმენტში ამას "განსახლების ალტერნატივა" ეწოდება და ის იმ ოჯახთათვის გულისხმობს დახმარების შეჩერებას, რომლებიც საცხოვრებლით არიან უზრუნველყოფილი.

"დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, მოეხსნებათ 45 ლარიანი ყოველთვიური დევნილის შემწეობა, ხოლო მათ ვისაც განსახლება არ აქვს მიღებული, შეუნარჩუნდება", - წერია დოკუმენტში.

თუმცა სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ - "გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილების ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ყველა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა გადაიჭრა".

ამ ცვლილებების გატარებისთვის მთავრობისა და პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

კომენტარები