საკონსტიტუციო სასამართლო

ვოლსკი: მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლის და სამართლიანობის მხარეზე იდგა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის შერჩევის დროს ქართულმა ოცნებამ კობახიძის "სამართლიანობის, სამართლის და კანონის მსახურებით" იხელმძღვანელა.

"მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლის და სამართლიანობის მხარეზე იდგა, მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ადვოკატი იყო, პარლამენტში იყო... მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მისი ცხოვრების მთავარი პრინციპი იქნება - იყოს სამართლიანობის, სამართლის და კანონის მსახურებაში, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ შევჩერდეთ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე. რაც შეეხება იმას, რომ ბევრი კანონი მის მიერ არის მიღებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონების ადვოკატირებას დაიწყებს, თუკი ამის საფუძველი არ ექნა", - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება მანანა კობახიძის შეფასებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გია ვოლსკის თქმით, "ბევრ განცხადებასთან დაკავშირებით ინტერპრეტაცია იყო". გარდა ამისა, დეპუტატი არ ეთანხმება უმცირესობის მოსაზრებებს, რომ კობახიძე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაოფილებს.

"არ არის სწორი, ნეიტრალობის სტანდარტს რეალურად ვინც ვერ აკმაყოფილებდა, ეს არის პაპუაშვილი და სხვა მისი კოლეგები, რომლებიც ოფიციალურად ჩამოყალიბდნენ ნაციონალური მოძრაობის სექტორად და პოლიტიკურ ჯგუფად საკონსტიტუციო სასამართლოში", - აცხადებს ვოლსკი.

დღეს, 23 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობამ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მანანა კობახიძეს წარადგენს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება "დამაზიანებელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის". TI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს მის კანდიდატურას.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. მანანა კობახიძის კანდიდატურა კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები