საკონსტიტუციო სასამართლო

მდინარაძე: კობახიძე ვალდებულია, უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. 

"ვფიქრობთ, რომ მანანა კობახიძე იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული. ის უზრუნველყოფს და ვალდებულია, უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მანანა კობახიძე, ყველაზე მაღალი ალბათობით, მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას", - ამბობობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძემ კითხვაზე "შეძლებს თუ არა, იყოს კობახიძე დამოუკიდებელი, რადგან თავის მიერ ინიცირებულ კანონებზე მოუწევს მსჯელობა", განაცხადა, რომ "კანონით გათვალისწინებული არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება, შესაბამისად, კანონით, ყველა წესით დადგენილი პროცედურით იქნება მისი არჩევა უზრუნველყოფილი. მან უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური მიუკერძოებლობა, მაქსიმალური ობიექტურობა, რომ ეს არ გახდეს მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ამის გარანტიები მივიღეთ ქალბატონი მანანასგან, რომ არ მიგვეღო, ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით".

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა მანანა კობახიძეს წარადგენს.საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. მანანა კობახიძის კანდიდატურა კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები