საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: ვადასტურებ, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ვარ

ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კობახიძეც ადასტურებს.

"დიახ, გიდასტურებთ, რომ ასეა, მაგრამ სჯობს დაუკავშირდეთ ფრაქციის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს და ის გეტყვით, იმიტომ, რომ ის არის უფლებამოსილი ამ თემაზე", - ამბობს კობახიძე რუსთავი ორთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები დასრულებულია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში ან დღეებში მიიღებენ.

"ერთ-ერთი კანდიდატი არის ქალბატონი მანანა. ჩვენ ვცდილობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება პროფესიონალი. იქნება მოლოდინი, რომ ის შეძლებს ობიექტურობას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მან მიიღოს უმრავლესობის მხარდაჭერა. ამიტომ, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ოპტიმალური კანდიდატურის არჩევას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტურია ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს.

კომენტარები