ინფლაცია

დეკემბერში ფასები წინა თვესთან შედარებით 1%-ით, წინა წელთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა

საქსტატი

2016 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1 %, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 1,8% შეადგინა. ამის შესახებ ცნობილი საქსტატის ანგარიშიდან ხდება. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19,0 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1,5%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 9,2 პროცენტით. ყველსა და კვერცხზე - 2,9%-ით, ხოლო ხორცზე და მის პროდუქტებზე - 2%-ით.

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები 2,3 პროცენტით გაიზარდა და ამან ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში  0,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება, რაც დაფიქსირდა, შემდეგნაირად გამოიყურება: სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე 8,5%, ხოლო პირადი სატრანპორტო საშუალების ექსპლუატაციაზე 3%.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის მაჩვენებელს, ანგარიშის მიხედვით მის ფორმირებაზე გავლენა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების ცვლილებამ მოახდინა.

მოცემულ პერიოდში ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 13,1 %-ით გაიზარდა, თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფებზე ფასები მკვეთრად 23,2 %-ით გაიზარდა, ალკოჰოლული სასმელების ქვეჯგუფებზე 4,6 %-ით.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1,6 პროცენტით გაიზარდა, თუ ქვეჯგუფების მიხედვით შევხედავთ, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეჯგუფზე, რომელიც მოიცავს შაქარს, ჯემს, თაფლს, შოკოლადს, საკონდიტრო ნაწარმს, ფასების ზრდამ 16,3 % შეადგინა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2,2 %-ით გაიზარდა,  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე შემცირდა 5,7 %-ით.

კომენტარები