ტერორიზმი

პრემიერი: თურქ ხალხს სამძიმარს ვუცხადებ, მათ მძიმე განსაცდელი დაატყდათ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა თურქეთში სამძიმრის წერილი გააგზავნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ პრემიერი უსამძიმრებს ყველა იმ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეც 1 იანვრის სტამბოლის ტერაქტს შეეწირა.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალს, თურქეთის მთავრობას. ასევე, ვუსამძიმრებ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც შეეწირნენ ამ ტერაქტს. 

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას, რომელსაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაატყდა თავს განსაცდელი და ტერაქტების შედეგად მიყენებულ მძიმე დარტყმებთან უწევს გამკლავება. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს შემზარავი ტრაგედია მოხდა ახალი წლის ღამეს. ეს არის უკიდურესი სისასტიკე მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ადამიანების მიმართ.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ტერორიზმი ვერ დაამარცხებს, რადგან ჩვენ ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი და ეს არის სწრაფვა მშვიდობისაკენ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქაოსის შექმნის მცდელობად აფასებს.

"ეს არის ჩვენი ხალხის მორალურად განადგურების და ქაოსის შექმნის მცდელობა, რომელიც ჩვენი ერის მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი აპირებს გააგრძელოს ტერორიზმთან ბრძოლა.

"თურქეთი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ტერორიზმთან და გააკეთოს ყველაფერი, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოს", - ამბობს ერდოღანი.

სტამბოლში, ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა. 21 მათგანი იდენტიფიცირებულია და მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის. დაშავებულია 70 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები