სირიის კრიზისი

გაერო: სამთავრობო ძალები ალეპოში მოქალაქეებს კლავენ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს

გაეროს ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალები სახლებში იჭრებიან და იქ მყოფებს კლავენ, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ ალეპოს 4 სხვადასხვა ნაწილში 82 მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზევე მოკლეს. მათ შორის, 11 ქალი და 13 ბავშვი.

გაეროს პრესსპიკერის თქმით, ალეპოში ჰუმანურობა საერთოდ გამქრალია.

ამბოხებულები, რომლებიც ქალაქს თითქმის 4 წელია აკონტროლებენ, საბოლოო მარცხის პირას დგანან.

გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ტერიტორიაზე, რომელზეც სამთავრობო ძალების მხრიდან ინტენსიური თავდასხმები ამ დრომდე არ წყდება.

გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უკვე მიმართეს სირიასა და რუსეთს, რომელიც ასადის რეჟიმს ავიაციით ეხმარება, რომ ინტენსიური თავდასხმები შეწყვიტონ და მშვიდობიან მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცენ.

კომენტარები