ეკონომიკური ზრდა

პრემიერი: გიდასტურებთ, ამ ზრდის ტემპით განვითარებულ ქვეყნებს 100 წელი ვერ დავეწევით

ტაბულა

"გიდასტურებთ, რომ 100 წელი ვერ დაეწევა ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს ამ ტემპით", -ასე პასუხობს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გიგა ბოკერიას კითხვას დაბალ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ქვეყანა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობით გეგმავს. პრემიერი ასევე ამბობს, რომ მომავალი წლისთვის სამიზნე ზრდა 4% იქნება.

"სწორედ იქითკენ არის მიმართული ჩვენი რეფორმები და ჩვენი ნაბიჯები, რომლებსაც ვგეგმავთ. თქვენი უფლებაა, ამას დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქვეყანაში მოსახლეობა უკეთესობას ვერ იგრძნობს, სანამ მთლიანი შიდა პროდუქტი არ გახდება აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებლების დარი მაინც. ამიტომ, გვჭირდება უფრო მეტი ზრდა და სწორედ ამიტომ გვჭირდება ის ცვლილებები, რომლებიც დღეს წარმოვადგინეთ", - ამბობს პრემიერი.

კვირიკაშვილი ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გარკვეული "მსხვერპლი" გაიღო, როდესაც ბიუჯეტის სტრუქტურა შეცვალა და ჯანდაცვის ხარჯები გაზარდა. 

"როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, უამრავი პრობლემა დაგვხვდა მოსაგვარებელი. მათ შორის, რიგითი ადამიანების სოციალური ყოფა, ჯანდაცვის პრობლემები, ქვეყანა იყო ფაქტობრივად იმ მდგომარეობაში, რომ ადამიანები ვერ მკურნალობდნენ, ვერ მიდიოდნენ საავადმყოფოში, მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ამ პრობლემებს მივხედეთ. ასეთი დაბალანსებისკენ მიმართული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მოითხოვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მსხვერპლს. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური განვითარების პრინციპი, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ", - ამბობს კვირიკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% იყო. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს ეკონომიკური ზრდა 2.9% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.9%-ით აღემატებოდა. 2016 წელს კი ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 3%-ზე ნაკლებია და 2.7%-ს შეადგენს.

 

კომენტარები