არაფორმალური მმართველობა

ბერძენიშვილი: ივანიშვილი არის კაცი, ვინც ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების ყველანაირ ბერკეტს ფლობს. მისი განმარტებით, რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილთან სწორედ იქიდან გამომდინარე თანამშრომლობდა, რომ რეალურად, ივანიშვილია ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებების მიმღები.

"უსუფაშვილის წერილიდან კარგად ჩანს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ძალის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, იგი ამ ოცნებას მართავს და აქ არაფერი უკანონო არ არის იმიტომ, რომ ეს მისი დაარსებული პოლიტიკური მოძრაობა გახლავთ და გასაგებია, რომ მას მმართველობს. რაც შეეხება სახელმწიფო საქმეებს, სახელმწიფო საქმეებში ის ერევა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ მართავს, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სახელმწიფო საქმეებს სულ არ ეტყობა, რომ ვინმე მართავს, გინდა ბიძინა, გინდა პრემიერი და გინდა სხვა. სახელმწიფო საქმეები საკმაოდ მოუწესრიგებელია საქართველოში. ასე რომ, საქართველოს არ ჰყავს ახლა არაფორმალური მმართველი, ჰყავს კაცი, რომელიც ერევა იმ საქმეებში, რომლებშიც არ უნდა ერეოდეს ნორმალურ სახელმწიფოში. ეს ჩვენთვის არასოდეს ყოფილა საიდუმლო და არ დაგვიმალავს. ჩვენ ეს ვთქვით 2013 წელს დაწერილ წერილში, რომელიც საჯარო იყო, 2014 წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი, რომელშიც ვილაპარაკეთ დეპერსონალიზაციასა და არაფორმალურ მმართველობაზე, 2015-2016 წლებში იყო ეს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გვქონდა მასთან ურთიერთობა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე იყო ეს ურთიერთობა, ვინაიდან იგი რეალურად ფლობდა ჩვენი პარტნიორის, ქართული ოცნების ყველა ბერკეტს ანუ ის არის მაგ ორგანიზაციის უფროსიც, უმცროსიც, გადაწყვეტილების მიმღებიც. იქ არავის სხვას არასოდეს არაფერი არ ეკითხებოდა. თქვენ ვერ შეუთანხმდებოდით ირაკლი ღარიბაშვილს რამეზე, აზრი არ ჰქონდა შეთანხმებას ვინმესთან საერთოდ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ისაა ამ ძალის უფროსი", - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

ტაბულას კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს გარემოება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ივანიშვილი ქართულ ოცნებას მართავს და ამაში არაფერი უკანონო არაა.

"თავის პარტიაში? კი, მაგრამ უნდა იყოს. ეგ არაა კანონით აკრძალული. აი, მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს პარტიის უფროსობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბიძინა ივანიშვილი რომ ქართულ ოცნებას მართავს, ამ მხრივ არაა დანაშაული. ამ წერილში ჩანს მასთან ურთიერთობა, როგორც ქართული ოცნების ლიდერთან. ის აქცენტი, რაც თქვენ გაინტერესებთ, სხვა წერილებშია", - თქვა ბერძენიშვილმა.

ტაბულას კითხვაზე, თუ რამდენად სწორია არაფორმალურ მმართველთან იმგვარი კომუნიკაცია, როგორიც დავით უსუფაშვილის წერილში ჩანს, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ამ წერილში ჩანს მხოლოდ ის, რომ რესპუბლიკური პარტია ურთიერთობს პარტია ქართულ ოცნებასთან და მის რეალურ დამფუძნებელთან. მისი განმარტებით, რესპუბლიკურ პარტიას ივანიშვილთან სახელმწიფო საკითხები არ განუხილავს. ბერძენიშვილის თქმითვე, ეს წერილი ცხადყოფს იმას, რომ რესპუბლიკელები სახელმწიფოს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებენ და ივანიშვილის ბრალდება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები საკუთარი თავის იქით ვერ იყურებიან, ყალბია.

"იგი არის ქართული ოცნების სრულიად ფორმალური მმართველი. ისაა სრულიად კანონიერი წარმომადგენელი იმ ორგანიზაციის, რომელიც თვითონ შექმნა. ისაა ამის ისეთი უფროსი, როგორც გიგა ბოკერია შეიძლება იყოს რაიმეს უფროსი ან თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი შეიძლება რამეს ხელმძღვანელობდეს. აქვს უფლება. იმიტომ, რომ ცუდად იქცევა, ერევა სხვა საქმეებში და დედას იგინება, მაგალითად, გიგა ბოკერია, ამიტომ მას არ წაერთვა ეს უფლება. ამ წერილში კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვურთიერთობთ ქართულ ოცნებასთან, პოლიტიკურ პარტიასთან. ბიძინა ივანიშვილთან განხილული არ არის სახელმწიფო საქმეები. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორია ჩვენი კოალიცია და არა იმაზე, თუ როგორი იქნება ბიუჯეტი ან რომელი კანონი იქნება მიღებული. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერში ერეოდა, არაა ჩვენი პრობლემა მაგ სიმართლის თქმა. უბრალოდ აქცენტი, რომელსაც ახლა თქვენ სვამთ, ამ წერილიდან არ გამომდინარეობს და თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ვერ წაიკითხა ეს წერილი. ვერ წაიკითხა რა, აზრი ვერ გამოიტანა, რისთვის გამოქვეყნდა", - თქვა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილი გაასაჯაროვა. უსუფაშვილმა წერილი ტელეკომპანია იმედის ეთერში წაიკითხა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ბრალი დასდეს ტყუილში, სიცრუეში, არაკაცობაში, უსაქმურობაში და ეს გრძელდება ყოველდღე. უსუფაშვილის განცხადებით, ამის მოთმენას აღარ აპირებს.

2016 წლის 11 მარტის წერილში უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის N1 კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. წერილში ასევე საუბარია რესპუბლიკელებთან ურთიერთობაზე. უსუფაშვილის თქმით, მას ამოეწურა "დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის" რესურსი.

 

კომენტარები