პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე შენარჩუნდება სტანდარტი, რომელიც „ნაჩვენები იყო საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩვნებზე“. როგორც პრემიერმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩატარდეს.
"8 ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც ნაჩვენები იქნა საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე. თუმცა, ამ არჩევნების მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით მაღალია, შესაბამისად, ფსონებიც მაღალია. ამიტომ, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას ამ შემთხვევაში და, ბუნებრივია, მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობაზე და გამჭვირვალობაზე. ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს უკვე გაწეული იმისათვის, რომ ეს არჩევნები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იმისთვის, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ", - თქვა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გახანგრძლივდა.
"4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან, ეს კონსულტაციების შედეგი იყო, და მთავრობის მხრიდან იყო კონტრასიგნირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის კუთხითაც, უფრო მაღალია. წინასაარჩევნოდ გატარებულია საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ გაგვემკაცრებინა სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე და შეურაცხყოფაზე“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმითვე, საქართველოში არის "უპრეცედენტოდ თავისუფალი" მედიასივრცე.
"ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ პროცესში. საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიასივრცე, როგორიც ნამდვილად არ ყოფილა წინა არჩევნების დროს. აღარ ჩავუღრმავდები იმას, თუ რა იყო და რა არის. ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. ვფიქრობ, რომ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





